მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » არ ატაროთ ბავშვები დაბადების დღეებსა და ხალხმრავალ ადგილებში – პედიატრების რჩევები

არ ატაროთ ბავშვები დაბადების დღეებსა და ხალხმრავალ ადგილებში – პედიატრების რჩევები

კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ ბავშვებში ძვალ-სახსროვანი პრობლემები გახშირდა და ამ ჩივილებით მიმართვიანობა გაიზარდა. ამის შესახებ ბავშვთა რევმატოლოგმა თინათინ კუტუბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჩამთავრდა პანდემია, თითქმის დღე არ გავა, რომ მასთან პაციენტი რეაქტიური ართრიტით, სინოვიტით და ვასკულიტით, ან მიალგიით არ მივიდეს.

ამ დროს ექიმს აქვს რუტინული კითხვა – როდის გადაიტანა ბავშვმა კოვიდი? რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, ეს, პირველ რიგში არის ის, გადაიტანა თუ არა ბავშვმა კოვიდ-ინფექცია 2-3 კვირის წინ, თუმცა შესაძლოა ძვალ-სახსროვანმა პრობლემებმა თავი კორონავირუსის გადატანიდან 3-4-5 თვეშიც იჩინოს.

სიმპტომებს შორისაა ტკივილი მუხლის სახსარში, შესიება, რომელიც 4-6 კვირა და მეტი გრძელდება. ეს ანთების ნიშანია და მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

გადატანილი ინფექციის შემდეგ ასევე ყურადღებით უნდა იყვნენ ისეთი ჩივილების დროს, როგორიცაა სწრაფად დაღლა, როცა ბავშვი აღარ ასრულებს რუტინულ თამაშებს, ფეხით სიარულით ძალიან სწრაფად გადაღლა.

კუტუბიძის თქმით, პანდემია ჩამთავრდა, მაგრამ ვდგავართ ახალი პანდემიის წინაშე და ეს იქნება პოსტკოვიდური გართულებების პანდემია.

ექიმის განმარტებით, პანდემიის პერიოდში ბავშვები იყვნენ იზოლირებულები, ადამიანები ატარებდნენ ნიღბებს, რამაც რესპირატორული ვირუსების წილი შეამცირა. თუმცა ინფექციებთან კონტაქტი აუცილებელია, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს და ეს აძლევს საშუალებას, მომავალში სხვა დაავადებებსაც ებრძოლოს.

მედიკოსები კიდევ ერთ ტენდენციას გამოყოფენ: 2020 წლამდე რესპირაციული ინფექციები ძირითადად ზამთრის დასასრულს ან გაზაფხულის დასაწყისში ცირკულირებდა, ახლა კი ამ პერიოდმა გადმოინაცვლა გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში, რაც პანდემიის დროს შეცვლილი იმუნიტეტის შედეგია.

ასევე, როგორც პედიატრი ფიქრია ჟვანია აცხადებს, ახლა გაძლიერდა ისეთი ვირუსები, რომლებიც „გაციებაში“ შედის. მათ შორისაა გრიპის ვირუსი H3N2 და ადენოვირუსული ინფექცია. პედიატრის განმარტებით H3N2-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს ძალიან ჩავარდა და ესეცაა იმის მიზეზი, რომ ამ ინფექციების ასეთი ბუმი მივიღეთ.

ჟვანიას განმარტებით, ეს ვირუსი, რომელიც ბოლო 2 წელი „ისვენებდა,“ ახლა  გაძლიერდა და 5-დღიანი მაღალი ცხელებით მიმდინარეობს, თუმცა მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა და ქვეყანაში კრიტიკული და ლეტალობის შემთხვევები არ ყოფილა. პედიატრის რჩევაა მშობლების მიმართ, ეცადონ, წლამდე ასაკის ბავშვები ხალხმრავალ ადგილას არ გაიყვანონ, არ ატარონ დაბადების დღეებზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე.

კვლავ მნიშვნელოვნად რჩება ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხოების ყველა იმ ზომის მიღება, რომელიც კოვიდპანდემიის დროს იყო აქტუალური.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …