ზოგიერთი გეგმიური აცრის კუთხით ბავშვებში 10%-იანი ჩამორჩენა გვაქვს იმ სამიზნეებთან შედარებით, რომლებიც პანდემიის დაწყებამდე სრულდებოდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიზეზი პანდემიაა, რომელმაც ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შეაფერხა. კერძოდ, ზახაშვილის განმარტებით, პანდემიის პერიოდში შეზღუდვები მოქმედებდა გადაადგილებაზე, არ მოძრაობდა ტრანსპორტი, ასევე გავლენა იქონია მშობლების შიშმა, რომ კლინიკაში მისვლისას ბავშვებს არ შექმნოდათ ინფიცირების რისკი. ამას ემატებოდა ანტივაქსერული მოძრაობის „მავნებლური გამოსვლები“, რომლებიც ავრცელებდნენ სხვადასხვა მითს ვაქცინაციის შესახებ და საზოგადოებაში ეს უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა.
„ყოველივე ამის შედეგი ისაა, რომ ზოგიერთი ანტიგენის მიმართ 10%-იანი ჩამორჩენა გვაქვს იმ სამიზნეებიდან, რომლებსაც ვასრულებდით პანდემიის დაწყებამდე,“ – განაცხადა ზახაშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიზეზების გამო დარჩა ბავშვთა ნაწილი, რომელმაც დროულად ან საერთოდ ვერ მიიღო გარკვეული დაავადების საპრევენციო ვაქცინა.
აქედან გამომდინარე, ხათუნა ზახაშვილის თქმით, თუ ბავშვების გარკვეული ნაწილი აუცრელთა კატეგორიაში დარჩება, ისინი გადადიან იმ კოჰორტაში, რომელსაც ნებისმიერმა დაავადებამ შესაძოა თავისი კვალი დაამჩნიოს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გართულება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის განვითარება და სიკვდილიც. ზახაშვილის თქმით, მიუხედავად დარღვეული კალენდრისა, შესაძლებელია, ამ ბავშვების მშობლებმა მიმართონ იმუნიზაციის მომსახურების მიმწოდებლებს და მიიღონ გამოტოვებული ვაქცინა.
ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, პანდემიის გამო, მსოფლიოში 2020 წლის იმუნიზაციით მოცვა 2009 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა და 17 მილიონმა ბავშვმა ვერ მიიღო მათთვის არსებული ვაქცინები.