საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯანდაცვის ხარჯები ძალიან მაღალია.
სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი ისიც არის, რომ განვითარებული არ არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რაც, თავის მხრივ, პრევენციულ, პროფილაქტიკურ მედიცინას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი პრიორიტეტად გამოაცხადა და რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. რეფორმის მოსამზადებელ პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“.
კოჯრის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმი მაია დავითური პირველად ჯანდაცვის გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობაზე, არსებულ ხარვეზებსა და მათ გამომწვევ პრობლემებზე გვესაუბრა.
„პირველადი რგოლი მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტს სწორად მიეცეს მიმართულება. არის დაავადებები, რომლის დროსაც პაციენტი თავად ვერ განსაზღვრავს, რა სჭირს. სწორედ ოჯახის ექიმმა უნდა გადაამისამართოს ის სპეციალისტთან, თუ ამის საჭიროებაა. განვითარებული პირველადი რგოლი მოხსნის როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის, ისე, სტაციონარის დატვირთვას, რომელიც ხშირად გადატვირთულია მძიმე პაციენტებით“.
მაია დავითურის აზრით ერთ–ერთი სერიოზული პრობლემა თვითმკურნალობაა, თუმცა, წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა ამ მხრივ ოდნავ გამოსწორდა:
„ზოგჯერ, პაციენტი არც კი მიდის ექიმთან. მაგალითად, როგორც კი დაეწყებათ გრიპი, მაშინვე იწყებენ თვითმკურნალობას. ახლა შედარებით გამოსწორებულია ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
ადრე, ნებისმიერი გრიპის და გაციების დროს, იწყებდნენ თვითმკურნალობას, იღებდნენ ანტიბიოტიკებს და ამით უფრო მეტად იუარესებდნენ მდგომარეობას. პირველადი რგოლის ექიმი კი ნიშნავს ანტივირუსულ მკურნალობას და მხოლოდ იმ პრეპარატს, რაც საჭიროა კონკრეტულ შეთხვევაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები ოჯახის ექიმთან მივიდნენ. მითუმეტეს, ჩვენი მომსახურება არის უფასო, როგორც ადგილზე, ასევე, სახლში გამოძახება“.
მაია დავითურს მიაჩნია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი გაცილებით ხელმისაწვდომი და ხარჯთეფექტურია, როგორც პაციენტებისათვის, ისე სახელმწიფოსთვის:
„პირველადი ჯანდაცვის რგოლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციისთვის.დროულად ნამკურნალევი დაავადება ქრონიკულში აღარ გადაიზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების წვლილი პრევენციულ მედიცინაში, რომელიც გაცილებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გართულებული დაავადების მკურნალობა“.
მაია დავითური ხაზს უსვამს ამბულატორიების ტექნიკური აღჭურვილობის მნიშვნელობას, რათასამედიცინო მომსახურება იყოს ხარისხიანი:
„სასურველია, ყველა ამბულატორია იყოს აღჭურვილი. ამ ეტაპზე იდება ხელშეკრულება სხვა კლინიკებთან და სწორედ იქ ვაგზავნით გამოკვლევებზე პაციენტებს. ხშირად, ეს პრობლემას და დაბრკოლებას ქმნის ავადმყოფებისათვის. განსაკუთრებით, ეს ეხება რაიონის, სოფლის ექიმებს. თბილისში მსგავსი პრობლემა შედარებით ნაკლებადაა.
კიდევ ვიმეორებ, სასურველია, ყველა ამბულატორია იყოს აღჭურვილი. ზოგიერთი დაავადების დროს, საჭიროა დამატებითი კვლევა, რაც ადგილობრივად შეუძლებელია, ხოლმე. საბოლოო ჯამში, ეს ოჯახის ექიმებს გაგვიადვილებს მუშაობას და პაციენტებისთვის იქნება მეტად ხელსაყრელი და მოსახერხებელი“, – აღნიშნა კოჯრის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმმა, მაია დავითურმა.