პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში უკვე ხშირად საუბრობენ, რომ სოციალური პროგრამები ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია და სამომავლოდ ეს პროგრამები ბიუჯეტს გადაულახავ ტვირთად დააწვება. თუმცა, ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი რეფორმას საჭიროებს, რაც ასევე ბიუჯეტის განტვირთვისკენაცაა მიმართული.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის აუცილებლობის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა გასულ კვირას გააკეთა განცხადება. უფრო დეტალურად თუ რას მოიცავს ეს რეფორმა და რა ვადებში უნდა გაიწეროს პროცესი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური გვესაუბრა.
წიკლაურის განცხადებით ჯანდაცვის პირველადი რგოლი აუცილებლად საჭიროებს რეფორმას იმდენად, რამდენადაც ამ რგოლის გამართულად მუშაობის გარეშე ჯანდაცვაზე ბევრად მეტი რესურსი იხარჯება და ეს რეფორმა პირველ რიგში ხელს შეუწყობს რესურსების ეფექტიანად გამოყენებას.
„აუცილებელია ამ რგოლის განვითარება. რადგანაც ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ ჯანდაცვის რეფორმის გატარება, თავიდან იყო, რომ გადაუდებელი დახმარება დაფინანსდა სახელმწიფოს მხრიდან, შემდეგ გაფართოვდა და საყოველთაო ჯანდაცვა მთლიანად გააჩნია ქვეყანას. პირველადი ჯანდაცვის რგოლის გარაშე ეს ყველაფერი მეტ დანახარჯებს მოითხოვს და პირველადი რგოლის განვითარება შეეშველება უკვე დანარჩენ პროგრამებს, რაც თავის მხრივ დაზოგავს ბიუჯეტს”, –
განაცხადა წიკლაურმა და დასძინა რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თუმცა რა ვადები დასჭირდება სრულად ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას ჯერჯერობით მას ამის თქმა უჭირს.