მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა აბსოლუტურად სწორი მიდგომაა
სამედიცინო ცენტრ "ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა.

პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა აბსოლუტურად სწორი მიდგომაა

სამედიცინო ცენტრ “ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. 

ეს განცხადება ზურაბ სიხარულიძემ ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართულად მუშაობის მნიშვნელობასა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საკითხებზე საუბრისას გააკეთა.

„სტაციონარში მკურნალობა უნდა იყოს ბოლო ეტაპი, დაავადებების დროული გამოვლენა და პრევენცია კი, გართულების თავიდან არიდების ერთ–ერთი გარანტიაა. გაცილებით იოლია ამბულატორიული მკურნალობა, ვიდრე გართულებული შემთხვევების მართვა სტაციონარში. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, ახლა შეიძლება უკვე დაგვიანებულიც იყოს, რადგან ბევრი კვალიფიციური კადრი, რომელიც ადრე მუშაობდა პირველად რგოლში, ფაქტობრივად დაკარგულია.

რეალურად, თავიდან უნდა აღადგინონ ეს სტრუქტურა. პოლიკლინიკების უმრავლესობა ქვეყანაში პრივატიზებული ან კერძოა და სახელმწიფოს ამჟამად დასაყრდენი არ აქვს. ვფიქრობ, სწორია პირველი რგოლის გაძლიერებაზე ორიენტირება იმიტომ, რომ სტაციონარში მკურნალობა უკვე გართულებული შემთხვევების დროს ხდება, თან ეს დიდი ფუფუნებაა“, – აცხადებს სიხარულიძე.

ნარკოლოგის სურვილია, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს კარგი ცოდნა ჰქონდეთ ფსიქიატრიაში და ზოგადად, მედიცინაში.

“ჩემი სფერო ნარკოლოგიაა. ამ სფეროში პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩვენს სფეროს არ ეხება საყოველთაო ჯანდაცვა, ვმუშაობთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაგრამ პროფილაქტიკა ძალიან საჭიროა. ალკოჰოლიზმი, თამბაქოზე დამოკიდებულება ის დაავადებებია, რომელთაც საკმაოდ დიდი ყურადღება სჭირდება.

საუკეთესო ვარიანტში ვისურვებდი, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს კარგი ცოდნა ჰქონდეთ ფსიქიატრიაში და ზოგადად, მედიცინაში. იცოდნენ ვის გაუგზავნონ პაციენტი, მოახდინონ სწორი დიაგნოსტირება. ჰქონდეთ შესაბამისი ინსტრუმენტები და შეძლონ შეუფერხებლად მუშაობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია.

ხომ არ შეიძლება ფუნდამენტის გარეშე სახლის აშენება, მას მყარი ფუნდამენტი სჭირდება, ასეა ჯანდაცვაც.

რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, ვიცი, რომ ჩემი სფეროს ფარგლებში შემოტანილი ყველა მედიკამენტი გადის სპეციალურ ბიოლოგიურ და სერიულ კონტროლს, რის შემდეგაც გვაძლევენ სერთიფიკატს. არც ერთი ჩამანაცვლებელი პრეპარატი ისე არ მიგვიღია, რომ კონტროლი არ გაევლოს. ეს გახლავთ კანონით დადგენილი. არის გარკვეული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მთავრობის ბრძანებით აღიარებითი რეგისტრაციის უფლება.

მთავრობის ბრძანების მიხედვით არსებობს იმ ქვეყნების ჩამონათალი, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის საერთაშორისო ფარმაცევტული ორგანიზაციის აღიარებით დაიწყონ ქვეყანაში რეალიზაცია. მე როგორც ვიცი, ქვეყანაში იმპორტირებული  წამალი ექვემდებარება კონტროლს, თუმცა, ზოგადად, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას, რა თქმა უნდა, მივესალმები“, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე. 

 

pia.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …