მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი ანა რეხვიაშვილი ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ოჯახის ექიმის ინტიტუტის წინს წამოწევა და მისთვის ფუნქციების გაზრდა ძალიან დადებითად წაადგება პაციენტებს.
„კლინიკური თვალსაზრისით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე მკურნალობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ეს რგოლი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს. უნდა გაძლიერდეს ტრენინგები პრაქტიკა. ამ რგოლის წარმომადგენლები ჩახედულნი უნდა იყვნენ მთელი მსოფლიოს ინოვაციებში, რათა შეძლონ პირველადი ჯანდაცვის დონეზე პაციენტის მართვა.
რეფორმის წარმატებისთვის საჭიროა მისი ფინანსური უზრუნველყოფა. ასევე, ვთვლი, რომ მოსახლეობსათან არის სერიოზული მუშაობა საჭირო, რომ მათი დაინტერესება ექიმთან მისვლის თავლსაზრისით საგრძნობლად გაიზარდოს. პაციენტები არ უნდა დაელოდონ დაავადების გამწვავებას და პირველივე ეტაპზე მიაკითხონ ექიმს“, – აღნიშნავს მედიკოსი.
მისი თქმით, ოჯახის ექიმებს გარკვეული პერიოდულობით უნდა უტარდებოდეთ შესაბამისი კურსები, იგივე კარდიოლოგიური და პულმონოლოგიური თვალსაზრისით. მათ უნდა იცოდნენ რა სიახლეებია და უფრო მეტად რაზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება. ოჯახის ექიმმა ზუსტად უნდა გააკეთოს დასკვნა თუ რომელ ვიწრო სპეციალისტთან უნდა გადაამისამართოს პაციენტი.
მედიკოსმა მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასის ზრდასთან ერთად პაციენტების უკმაყოფილების დონეც გაიზარდა.
„ბოლო პერიოდია, რაც აშკარა გახდა მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რაც, თავის მხრივ, იწვევს პაციენტების უკმაყოფილებას. ვფიქრობ, უნდა გამოინახოს სხვადასხვა გზები, რომ პაციენტებისთვის თუნდაც პირველადი და ყველაზე ხშირად მოხმარებადი პრეპარატები ხელმისაწვდომი იყოს“, – მიაჩნია რეხვიაშვილს.