კინო-მცოდნე და კრიტიკოსი თეო ხატიაშვილი პირველადი ჯანდაცვის დაგეგმილ რეფორმას გამოეხმაურა და პრევენციული მედიცინის ეფექტურობაზე ისაუბრა. იგი, ხაზს უსვამს, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს არ აქვს მედიკამენტების შეძენის მატერიალური საშუალება.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის იდეას მივესალმები, ცხადია, რადგან პრევენციული მედიცინა ძალიან მნიშვნელოვანია. ეფექტურია, როდესაც დაავადება საწყის ეტაპზევე აღმოჩნდება ხოლმე, რადგან, ზოგ შემთხევაში, გართულებული დაავადების მკურნალობა აზრს კარგავს. საწყის ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება უფრო ხარჯთეფექტურია. უბრალოდ, რამდენად წარმატებულად განხორციელდება ეს რეფორმა, ეს ცალკე საკითხია“, – ამბობს ხატიაშვილი.
მისი თქმით, ასევე, დიდი პრობლემაა მედიკამენტების ფასები, რადგან წამლების ფასი რომ ძალიან მაღალია, ეს მწარე რეალობაა.
„ზოგ მოქალაქეს ელემენტარული, პირველადი მედიკამენტების ყიდვის საშუალებაც არ აქვთ. უფასო ყველაფერი კარგია, თუმცა რამდენად აქვს ქვეყანას ამის რესურსი? მე ამ საკითხის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ გათვლებია გასაკეთებელი და ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიურად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. რადგან ის, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელია არა მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევები, არამედ შემდგომი მკურნალობაც, არის ფაქტი“, – მიიჩნევს თეო ხატიაშვილი.