მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » 16-17 მაისს კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი გაიმართება

16-17 მაისს კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი გაიმართება

 

16-17 მაისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები გაიმართება. პროექტი „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 20 კლინიკას და საქართველოს წამყვან ექიმებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. პაციენტების მიღება 10:00-დან 18:00-მდე „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში მოხდება.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც არის 40 წლის და მეტის, აწუხებს არტერიული წნევა ან აინტერესებს, არის თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა აქვს სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტაროს ჰიპერტენზიის სკრინინგი, ადგილზე გაიაროს კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაიღოს კარდიოგრამა.

ადგილზე უფასო გამოკვლევის მისაღებად, საჭიროა წინასწარ ჩაწერა შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0 800 100 123. მნიშვნელოვანია, რომ  ზარი უფასოა.

მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.  მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება.

„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს და ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „სერვიე“  ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ  ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას.

უფასო გამოკვლევებში ჩართულია შემდეგი კლინიკები და ექიმები:

  • თიმი-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
  • თბილისის გულის ცენტრი
  • შპს. სისტოლა
  • ამერიკული ჰოსპიტალი
  • პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
  • შპს “N5 კლინიკური საავადმყოფო”
  • კლინიკა “ჯერარსი”
  • კარდიოლოგიური კლინიკა გული
  • უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი
  • ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
  • აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
  • თსუ საუნივერსიტეტო კლინიკა ვივამედი
  • ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
  • თბილისის გულის და სისხლძარღვთა კლინიკა
  • ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრი
  • ჰელსიკორი – ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა
  • თამაზ ორაგველიძის კარდიოლოგიური ცენტრი
  • ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
  • მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ცენტრი- გერმანულ-ქართული კლინიკა

 

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …