მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დასაქმებულთა ჯანმრთელობის რისკების შემცირების მიზნით ახალი რეგლამენტი დამტკიცდა

დასაქმებულთა ჯანმრთელობის რისკების შემცირების მიზნით ახალი რეგლამენტი დამტკიცდა

დასაქმებულების ჯანმთელობის დაცვის მიზნით ახალი რეგულაცია შედის ძალაში. საუბარია ტვირთის აწევის სტანადარტებზე, რომელთა მიღებაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.

„ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ უკვე დამტკიცდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

რეგლამენტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.

იქ კი, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, მიიღოს ისეთი ზომები,  რომლებიც შეამცირებს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებულ რისკებს.

დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად; სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს ჯანმრთელობისათვის  მაქსიმალურად უსაფრთხო.

დოკუმენტის თანახმად, ტვირთის ხელით აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ტვირთი  მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია, მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია,  მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი და ა.შ.

რაც შეეხება სამუშაო გარემოს, მისმა მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ არ არის საკმარისი სივრცე ტვირთის გადასაადგილებელი მოქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით – ვერტიკალურად ტვირთის გადაადგილების დროს, იატაკის ზედაპირი უსწორმასწორო ან სრიალაა, სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის უსაფრთხო სიმაღლეზე აწევის ან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის საშუალებას, ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს და ა.შ.

რეგლამენტის თანახმად, სამუშაო გარემოში რისკები იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მასზე მოქმედებს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამდენიმე ფაქტორი: გადამეტებულად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ხერხემალზე; არასაკმარისი დრო ფიზიკური დასვენების ან ენერგიის აღდგენისთვის; გადამეტებული ინტენსივობით ტვირთის აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა; სამუშაო პროცესით გამოწვეული სამუშაოს შესრულების ტემპი, რომლის შეცვლაც დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის მიერ შეუძლებელია.

დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია რისკის ინდივიდუალური ფაქტორები: დასაქმებულის ფიზიკური მონაცემები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მისთვის მიცემულ კონკრეტულ დავალებას; ატარებს სამუშაოსთან შეუსაბამო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხვა ინდივიდუალურ საშუალებებს; არ აქვს სათანადო ცოდნა ან არ გაუვლია შესაბამისი სწავლება.

დარღვევებზე ჯარიმა იმოქმედებს, რომლის მოცულობა კომპანიის ბრუნვაზეა დამოკიდებული.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …