ჯანდაცვის სამინისტრომ გვთხოვა, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გაიდლაინი შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი დამთავრდეს ზაფხულის ბოლოსთვის, – ამის შესახებ იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ექიმმა, ლალი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც ლალი მარგველაშვილმა აღნიშნა, გაიდლაინი უნდა იყოს ძალიან სრულფასოვანი, მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს დღეს აქვთ.
„ნებისმიერი პრეპარატი ქვეყანაში რომ დაინიშნოს და ამ პრეპარატმა სარგებელი მოუტანოს პაციენტს და საზოგადოებას, რომელიც გაიღებს რესურსს პრეპარატის შესაძენად, საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ, ჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს, რა რაოდენობის პაციენტს სჭირდება და გვქონდეს სრულფასოვანი დიაგნოსტირებული პაციენტი, თავის სრულფასოვანი გაიდლაინით – რომელ ასაკში რა მკურნალობა სჭირდება და რა სახის ჩარევა.
შეხვედრაზე სამინისტრომ გვთხოვა, რომ გაიდლაინი შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი დამთავრდეს ზაფხულის ბოლოსთვის. გაიდლაინი უნდა იყოს ძალიან სრულფასოვანი, მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც ამ ბავშვებს დღეს აქვთ. არიან ბავშვები, რომლებსაც ეს წამალი რომც იყოს დღესვე, არ მოერგებათ. ამით ამ ბავშვის პრობლემები არ ამოიწურება და ასეთი პრობლემები ამ გაიდლაინში უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ექიმმა.
1tv.ge