მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „მინიმუმ ის მაინც შევძლოთ, ვისაც ყველაზე მეტად ეჩქარება ამ მედიკამენტის მიღება, იმან მაინც მიიღოს“

„მინიმუმ ის მაინც შევძლოთ, ვისაც ყველაზე მეტად ეჩქარება ამ მედიკამენტის მიღება, იმან მაინც მიიღოს“

არგუმენტები, რასაც აქონდროპლაზიის მედიკამენტის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური პირებისგან ვისმენთ, ოდნავ ცინიკურია.

ამის შესახებ რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტი მნიშვნელოვანი პრეპარატია, რომელიც ამ პაციენტებისთვის გამოსავალია. განსაკუთრებით კი ყურადსაღებია პაციენტების ის ჯგუფი, რომელსაც დრო აქვს შეზღუდული, რადგან ამ მედიკამენტის ეფექტი 15 წლამდეა.

„მეორე კომპონენტი: ის არგუმენტები, რასაც ოფიციალური პირებისგან ვისმენთ, ცინიკურია. საუბარია არა მხოლოდ სიმაღლეში ზრდაზე, არამედ ეს ზრდა პირდაპირ კავშირშია პაციენტის ცხოვრების ხარისხთან და გართულებებთან. ესაა სიტყვების თამაში, რომ „ეს არაა მწვავე პრობლემა და დღეს ამ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება“. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხი იკლებს და გარკვეულ ასაკში შესაძლოა ეს ძალიან სახიფათო გახდეს.

ეს ცინიზმი რთულად მოსასმენია. ნაცვლად იმისა, რომ ლეგიტიმურ განსჯაში შესულიყო, მათ აირჩიეს პროპაგანდისტული გზა, რომლის უკანაც სამედიცინო რაციონალი იკარგება.

მეორე – ამბობენ, რომ ეს წამალი ექსპერიმენტულია. დიახ, ის არის კვლევაში, თუმცა ის არაა ექსპერიმენტული. მას კვლევის პირამიდის ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გავლილი. სულ კვლევაში 7 ნაბიჯია და ეს მედიკამენტი პირამიდის წვერშია. ესაა იშვიათი მედიკამენტი და მას ვერ ექნება მტკიცებულების ის ხარისხი, რაც სხვა ფართოდ გამოყენებულ მედიკამენტებს აქვს. აქაც მთლად პროფესიული და პატიოსანი დისკუსია არაა და არის მანიპულაცია იმ შედეგებით, რაც მსოფლიოში უკვე არსებობს,“ – განაცხადა კალოიანმა და აღნიშნა, რომ ამ პრეპარატს აქვს საფრანგეთის საავტორიზაციო ორგანოს დასკვნაც, ეს ორგანო კი გადაწყვეტილებებში „საკმაოდ მძიმეა“.  კალოიანის მტკიცებით, ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში მედიკამენტი მიღებულია როგორც უსაფრთხო პრეპარატი.

„ჩვენ არ ვიცით, რა უსაფრთხოების პროფილი ექნება ამ წამალს 10-15 წლის შემდეგ, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს მედიკამენტი არის უსაფრთხო და ამიტომ გასცა ეს დასკვნა შესაბამისმა ორგანოებმა,“ – განაცხადა რეანიმატოლოგმა.

ვახტანგ კალოიანის თქმით, ასაკის ფაქტორიდან გამომდინარე, პრეპარატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ახალგაზრდისთვის და

კეთილი ნების შემთხვევაში ხელისუფლებას დღესვე შეუძლია გახსნას ასპარეზი საქველმოქმედო აქტივობისთვის, სადაც საზოგადოება, ფარმაცია, ჯანდაცვა და პოლიტიკოსები ერთობლივად ჩაერთვებიან თანამოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, რადგან პრეპარატი ძვირადღირებულია და მისი შეძენის საშუალება ბევრ ქვეყანას არ აქვს.

„საზოგადოების აქტიურობით მინიმუმ ის მაინც შევძლოთ, რომ ვისაც ყველაზე მეტად ეჩქარება ამ მედიკამენტის მიღება, იმან მაინც მიიღოს,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

რაც შეეხება საუბრებს გვერდითი მოვლენების შესახებ, კალოიანი ამბობს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი მედიკამენტი, რომელსაც გვერდით მოვლენებში არ უწერია მაგალითად გულისრევა. მისივე თქმით, ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, სიოცოცხლისთვის სახიფათო შედეგი ამ წამალს არ ჰქონია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …