ბოლო პერიოდში ონკოლოგიური მედიკამენტების ფასისა და ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ერთერთ მთავარ გამოწვევებად იქცა. უკვე დაანონსდა, რომ იგეგმება წლიური 25-ათასლარიანი ლიმიტის მოხსნა ამ პაციენტების მკურნალობაზე. მანამდე კი მედიკამენტების მწარმოებლებთან სახელმწიფო პირდაპირი კონტრაქტების დადების გზით აპირებს ონკოლოგიური პრეპარატების ფასის შემცირებას.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ სფეროში დღის წესრიგშია, ონკოპაციენტების მიერ მედიკამენტის გატანის წესია.
ამ საკითხზე საუბრისას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცვლილებები იგეგმება.
„ყველა ონკოლოგის ტკივილია ერთი საკითხი, როცა პაციენტს აფთიაქიდან მიაქვს კლინიკამდე წამალი. სამინისტრო ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობს, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ამ გეგმასაც გაგაცნობთ,“ – განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ.