მსოფლიოში უნაყოფობის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში ამ საკითხში სისტემატური მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააუმჯობესონ ამ მიმართულებით ნაციონალური სტატისტიკა, რომელშიც მონაცემები მიზეზებისა და ასაკის მიხედვით უნდა იყოს დალაგებული. ეს მთავრობებს შესაძლებლობას მისცემდა, ზუსტად განსაზღვრონ უშვილობის გავრცელების მაჩვენებლები და გამოავლინონ ის ადამიანები, რომლებსაც ამ კუთხით მკურნალობა ესაჭიროება. შედეგად კი შეადგინონ უნაყოფობის განვითარების რისკის შემცირების სტრატეგიები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში უნაყოფობა ძალიან ბევრ ადამიანს აღენიშნება. კერძოდ, ასეთი პრობლემა მოსახლეობის 17,5%-ს ანუ ყოველ მე-6 ადამიანს აქვს, რაც, ჯანმოს პოზიციით, ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება აქვს, მიეცეს ხელმისაწვდომობა არაძვირადღირებულ და ხარისხიან მკურნალობაზე.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები უნაყოფობის გავრცელების მაჩვენებლებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით. მაღალი, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში უნაყოფობის მაჩვენებლები თანაბარია.
ამიტომ, ჯანმოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა ჯანდაცვის პოლიტიკაში ეს თემა უკანა პლანზე არ იქნას გადაწეული და მკურნალობისა და მშობლად გახდომის შესაძლებლობა მიეცეს უამრავ ადამიანს, რომელსაც ამის სურვილი აქვს.
უნაყოფობა – ესაა ქალის ან მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადება, როცა ორსულობა არ დგება ერთი წლის ან მეტის განმავლობაში, რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად.
ეს კი შესაძლოა გახდეს სერიოზული სტრესის, სტიგმატიზაციის და ფინანსური სირთულეების მიზეზი.
ჯანმოს თანახმად, ამჟამად ქვეყნების უმრავლესობაში უნაყოფობის მკურნალობის დაფინანსება ადამიანებს საკუთარი სახსრებით უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში კატასტროფულ ხარჯებს უკავშირდება.
ჯანმოს მოსაზრებით, უფრო ეფექტიანი პოლიტიკა და სახელმწიფო დაფინანსება მნიშვნელოვნად გააფართოვებდა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და შეჭირვებულ ოჯახებს სიღარიბისგან დაიცავდა.
საქართველოში უშვილობის მკურნალობის პროგრამა აჭარაში ხორციელდება.
პროგრამა ითვალისწინებს ყველა ბენეფიციარის დაფინანსებას, რომელიც რეგიონის რეგისტრაციის მქონე პირია, მაგრამ პრიორიტეტულობა დაფინანსების პროცენტულ წილთან მიმართებაში მიენიჭება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და შშმ სტატუსის პირებს.