მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის მკურნალობის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის მკურნალობის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

საქართველოში აქონდროპლაზიის ანუ ზრდის შეფერხების მქონე ბავშვების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიც ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მშობლების ჯგუფი თვეებია აქციებს აწყობს, რათა მათ შვილებს სახელმწიფომ ძვირადღირებული, ახლადშექმნილი მედიკამენტი VOXZOGO  დაუფინანსოს.

მათი თქმით, ამ წამლის მოქმედების ეფექტურობას და უსაფრთხოებას ადასტურებს FDA და EMA -ს ლიცენზიები და მთელი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ბავშვებს ამ მედიკამენტს სახელმწიფო უფინანსებს.

სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ დროისათვის, არ არის ცნობილი მედიკამენტის გრძელვადიანი გამოყენების შედეგები და შესაძლო გართულებები. ამასთან, სამინისტროში სპეციალური ჯგუფი იქმნება, რომლის ფუნქციაც ამ საკითხზე მუშაობაა.

ჯგუფში ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე, მედიკოსები და სამედიცინო სფეროს ექსპერტები შედიან.

ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.

„მხარეებმა აქონდროპლაზიის სამკურნალო სტრატეგიაზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს ერთ-ერთი მედიკამენტის „ვოქსზოგოს“ (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) შესახებ არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები და ევროპის რიგ ქვეყნებში მიღებული, სპეციალისტების შეფასებები და დასკვნები.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით. რაც შეეხება „ვოქსზოგოს“, სამუშაო ჯგუფის წევრების თქმით, აღნიშნული მედიკამენტი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის და ამ დროისათვის, არ არის ცნობილი, გრძელვადიანი გამოყენების შედეგები და შესაძლო გართულებები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას საქართველოში აქონდროპლაზიის მართვის სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ, მოიაზრებს სამკურნალო მეთოდებისა და მედიკამენტების სწორად შერჩევას. ჯგუფის წევრების განცხადებით, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება და მათ შორის პრეპარატის შერჩევა, უნდა მოხდეს პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ბიოეთიკის ასპექტების გათვალისწინებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თსსუ-ს პროფესორი გივი ჯავაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დავით თუთბერიძე,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …