გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, იაშვილის კლინიკის მედპერსონალისთვის ტრენინგები იწყება, რომელთა მიზანიც პაციენტთან კომუნიკაციის დამყარების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.
ტრენინგში 300-მდე ექიმი და ექთანი ჩაერთვება.
ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამედიცინო პრაქტიკის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, პაციენტებთან და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების გზები, მიდგომები მედიასთან ურთიერთობისას, ასევე, კომუნიკაცია კრიზისის დროსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული თემები.
„ტრენინგ-კურსის მთავარი მიზანი სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა, რათა პაციენტებთან და მათ ოჯახებთან ეფექტიანი ურთიერთობის დამყარება და ემპათიის გამოვლენა შეძლონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების კუთხით. ტრენინგ-კურსი სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, ეთიკა და სამართლებრივი საკითხები“ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ნაწილი ხდება და იგი ჯანდაცვის ნებისმიერი მუშაკისთვის იქნება ხელმისაწვდომი. “ – აღნიშნავენ გაეროს ბავშვთა ფონდში და აცხადებენ, რომ ტრენინგი მედპერსონალს შესაძლებლობას მისცემს, აღიჭურვონ შესაბამისი ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და დამოკიდებულებით, რაც მათ პოზიტიური ადამიანური ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.
ტრენინგ-კურსს, რომელიც 20 მარტს ჩატარდება, გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
იუნისეფში აღნიშნავენ, რომ მშობლები და მეურვეები ენდობიან ჯანდაცვის მუშაკებს და მათ ინფორმაციის მიღების სარწმუნო წყაროდ აღიქვამენ. შესაბამისად, ექიმებისა თუ ექთნების ურთიერთობის ფორმას პაციენტის ოჯახებთან მნიშვნელოვანი დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მშობლების არჩევანზე, მიიღონ თუ არა ბავშვთა იმუნიზაციის გადაწყვეტილება.