ქვეყანაში ფსიქოთერაპიებზე მიმართვიანობა იზრდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს განპირობებულია არა მხოლოდ ზოგადად სტრესული გარემოთი და მასთან დაკავშირებული პრობლემებით, არამედ ადამიანებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ზრდით.
ერთერთი ასეთი პროფილის დაწესებულება თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს. გეშტალტის ფსიქოთერაპიული კლინიკაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ყველა ტიპის სირთულეებთან და პრობლემებთან. ეხმარებიან პიროვნებას საკუთარი თავის გამოვლინებაში. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ მიმართვიანობა განსაკუთრებით იზრდება ხოლმე გარკვეული მოვლენების შედეგად. ასეთი მოვლენების კატეგორიას მიეკუთვნება თბილისში წინა კვირაში გამართული საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეთა მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა. ამ ახალგაზრდებს კლინიკა უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.
„გაიზარდა მომართვიანობა კონკრეტულად აქციებზე დაზარალებულების მხრიდან. ეს იქნება პირადი შეტყობინებებისა თუ ზარების სახით. ასევე ჩაინიშნა სესიები დაზარალებულებთან,“ – განმარტეს კლინიკაში jandacva.ge-სთან საუბარში.
მათი განმარტებით, გეშტალტ თერაპია გამოიყენება ისეთ კრიზისულ სიტუაციებშიც, როგორიცაა ომი. „ფსიქოთერაპია ნებაყოფლობითია. მას იყენებენ უკრაინაში ომის დროს ყველა ასაკის წარმომადგენელთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან. აქ საომარი თუ საპროტესტო აქციების შემდეგ შესაძლებელია ფიქსირდებოდეს პოსტტრავმული სტრესული დარღვევები. ზუსტად აქ ხდება ფსიქოთერაპიული მუშაობა,“ – განაცხადეს კლინიკაში.
მათი თქმით, სტრესი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება, შესაბამისად, მის ამოცნობას, გარკვეული დაკვირვება სჭირდება.
„უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის თავს ცვლილებები ხდება. ეს იქნება უძილობა, ოფლიანობა, მომატებული ნერვიულობა, პარანოია, მომატებული შფოთვა, პანიკური შეტევები, შიშები და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება. განსაკუთრებით კი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
ზუსტად ამ დროს უნდა მიხვდეს პიროვნება, რომ ცვლილებებს განიცდის, მისი ამოცნობა – პირველი ნაბიჯია. შემდეგ კი, მიმართოს ფსიქოთერაპევტს, რომ გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია და დახმარება,“ – განაცხადეს კლინიკაში.
მათი ინფორმაციით, აქციების მონაწილე სტუდენტებს ისინი უსასყიდლოდ 5 თერაპიულ სესიას სთავაზობენ, ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში იღებენ. ერთი თერაპიული სესია 100 ლარი ღირს და ის 50 წუთის განმავლობაში გრძელდება.
jandacva.ge