ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთერთი პრიორიტეტი ქვეყნების მოსახლების მიერ მარილის მოხმარების შემცირებაა. ჯანმოს გლობალური მიზანია, 2025 წლისთვის მარილის მოხმარება მსოფლიოში 30%-ით შემცირდეს.
ჯანმო ამ მიზნის მიღწევის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ ნატრიუმი, რომელსაც მარილი შეიცავს, კვებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა რაციონში მისი სიჭარბე ზრდის ინსულტისა და გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების რისკს. შესაბამისად, მატულობს ადრეული სიკვდილის ალბათობა.
ჯანმოს განცხადებით, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისგან მხოლოდ 5% დგამს ქმედით ნაბიჯებს საკუთარი მოსახლეობის ნატრიუმის ჭარბი მოხმარებისგან დაცვის მიზნით, 73% კი ამ ზომებს სრული მასშტაბით არ ახორციელებს.
კვლევების თანახმად, ნატრიუმის მოხმარების შემცირება 2013 წლისთვის 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
„არაჯანსაღი კვება მთელ მსოფლიოში სიკვდილის და ავადობის წამყვან მიზეზებს შორისაა. ამას კი დიდწილად განაპირობებს ნატრიუმის გადაჭარბებული მოხმარება,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა.
მიზნის მისაღწევად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 4 რეკომენდაცია გამოსცა. ესენია: 1. საკვები პროდუქტების შემადგენლობის ცვლილება მარილის შემცირების მიზნით. 2. სახელმწიფო შესყვიდვებში შეზღუდვების დაწესება. საუბარია საკვების შეძენაზე საავადმყოფოებისთვის, სკოლების, ხანდაზმულთა სახლებისა და სხვა დაწესებულებებისთვის. 3. საკვები პროდუქტების შეფუთვის წინა მხარეს ისეთი მარკირების დატანება, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ნაკლები მარილის შემცველი პროდუქტი. 4. საინფორმაციო კამპანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მომხმარებელთა ქცევის ცვლილების მიზნით, რათა ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლები მარილი მოიხმარონ.
მსოფლიოში მარილის ყოველდღიური მოხმარება ადამიანზე 10,8 გრამს შეადგენს. სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 8 გრამს აღემატება. დასაშვები ზღვარი კი 5 გრამია, რაც ერთ ჩაის კოვზს შეადგენს.
მარილის მოხმარების შემცირება საქართველოშიც იგეგმება. მარილის შემცირებას ითვალისწინებს არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტი, რომლის მიღებაც ახლო მომავალში იგეგმება. მასში მთავარი აქცენტი ეტიკეტირებასა და მომხმარებელთა ინფორმირებულობაზე კეთდება.
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის სილვიუ დომენტეს განცხადებით, საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ ინიციატივას შეუძლია გადაარჩინოს 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 19.6 ლარია.
ცნობისთვის: საქართველოში მარილის იმპორტი მზარდია. ოფიციალური სტატისტიკით, გასული წლის 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული იქნა 36 935 ტონა მარილი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ დოლარი შეადგინა.
ღირებულებაში იმპორტი გასული წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით 24.2%-ით, ხოლო მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყანა მარილს თურქეთიდან ყიდულობს. საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული ასეთია: თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა, საბერძნეთი.
ამ ქვეყნების გარდა, მარილის იმპორტი ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, რუსეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს.
მარილის ექსპორტი საქართველოდან ფაქტობრივად არ ხორციელდება.