მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პოსტკოვიდი, ორგანოების გადანერგვა – რა საკითხები შევიდა ჯანდაცვის კომიტეტის 2023 წლის გეგმებში

პოსტკოვიდი, ორგანოების გადანერგვა – რა საკითხები შევიდა ჯანდაცვის კომიტეტის 2023 წლის გეგმებში

მიმდინარე წელს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი სხვადასხვა აქტივობის ჩატარებას გეგმავს. მათ შორისაა პოსტკოვიდური   მდგომარეობის   ანალიზის ჩატარება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის გეგმაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, კომიტეტის გეგმებს შორის ასევეა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც მოქმედ კანონებში გამოყენებულ ცნებებს ემატება პარამედიკოსი – შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში.

კომიტეტის გეგმებს შორისაა „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტების მიღება, რომლითაც  დარეგულირდება ადამიანის მიმართ გამოსაყენებლად გამიზნული ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციის, მოპოვების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პირობები. ახალი კანონმდებლობა  ქმნის  საინფორმაციო ბაზებს ორგანოთა გადანერგვის მომლოდინე პირების, პოტენციური დონორებისა და ორგანოების ეფექტური მიკვლევადობისთვის, აწესრიგებს ტრანსპლანტაციის ლიცენზიის მქონე დაწესებულებების საქმიანობას და მოვალეობებს. ტრანსპლანტაციის პროცესის ყველა ასპექტი ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანილი იქნება.

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2023 წლის განმავლობაში უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის  10 სამართლებრივ აქტს.

რაც შეეხება გამოწვევებს, გეგმის თანახმად, საქართველში საგრძნობლად გაიზარდა როგორც ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ ლარი), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნება. ამის მიუხედავად, ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯების წილი კვლავ დაბალია (1.88%) და კვლავ მაღალია შინამეურნეობათა მიერ სამედიცინო მომსახურებაზე დანახარჯების შედეგად გაღარიბების რისკი.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …