ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება იყო ერთერთი საკითხი, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის წინაშე ანგარიშის ჩაბარების დროს შეეხო.
ზურაბ აზარაშვილმა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას არაერთი სიხლის შესახებ ისაუბრა, მათ შორის იყო კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობა. საკითხი კითხვა-პასუხის ფორმატში პარლამენტარმა ირმა ზავრადაშვილმა დასვა, რომელიც კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის კამპანიაშია ჩართული.
როგორც jandacva.ge-ს მკითხველმა უკვე იცის, აღნიშნული კამპანიის მთავარი მიზანია, სახელმწიფომ კიბოს მკურნალობა არა ფიქსირებული თანხით (რაც დღეისათვის 25 ათას ლარს შეადგენს), არამედ კონკრეტული დიაგნოზის, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით დააფინანსოს. ზავრადაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა კიბოს ადრეულ გამოვლენაზე, რაც სიმსივნის გართულების შემთხვევებს თავიდან აგვაცილებს.
„ყოველ წელს დაახლოებით 10 ათასი ახალი შემთხვევაა. ვიცით, რომ ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გვრჩება ცალკეული რგოლები, რომლებიც შესავსებია, რათა ჯაჭვი მთლიანი იყოს. ეს არის ნაადრევ დიაგნოსტიკასთან მიმართებაში და იმუნოთერაპიის იმ ნაწილში, სადაც რთული სიმსივნეებია. ამათი დაფინანსება არ არის საკმარისი და მინიმალურია. მე ვიცი, რომ თქვენი სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ მინდოდა, რა დროში იქნება ეს გაწერილი და რა ეტაპებს გაივლის თუნდაც პირდაპირ შემსყიდველებთან ურთიერთობისთვის, რადგან ეს ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემას მოაგვარებს,“ – განაცხადა ზავრადაშვილმა.
ამ კითხვაზე პასუხისას მინისტრმა აქცენტი ადრეულ დიაგნოსტიკაზე გააკეთა, დაავადებულთა მკურნალობის ბიუჯეტის საკითხს კი არ შეხებია.
„წინა წელს რამდენიმე კლინიკას ვესტუმრე და იქ ნაადრევი გამოვლინების სერიოზული პრობლემაა. ერთერთი კარგი შესაძლებლობა არის მაგალითად „პეტკატე“ და სხვა საშუალებები.
წინა წელს მინიმუმ 10 თვის განმავლობაში ვცდილობდი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში რამენაირად ჩამესვა „პეტ კატე“. მზად ვიყავით ბიუჯეტიც გამოგვეყო და ამ ბიუჯეტის ფარგლებში ის 8-10-მდე შემთხვევა მაინც ნაადრევად გამოგვევლინა.
მაგრამ როგორც სხვა საკითხებში, ვერ ვთანხდებით კრიტერიუმებზე იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევა – 3 ათას ლარამდე ღირდა და ახლა მგონი კიდეც გაძვირდა. საკმაოდ რთულია იმ კრიტერიუმების შერჩევა, რომ არამიზნობრივად არ მოხდეს ამ დიაგნოსტიკის ჩატარება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა ვერ შევჯერდით. მე პირადად ვიყავი ჩართული და ძალიან დაინტერესებული ვიყავი, რადგან სხვა ქვეყნების მაგალითებს რომ ვნახულობ, ნაადრევი გამოვლენის შემთხვევაში დაახლოებით 40%-ით მეტი ადამიანი გადარჩება და 30%-ით ნაკლები იქნება ხარჯი. ყველანაირად მქონდა მოტივაცია, რომ ეს ბოლომდე მიმეყვანა, თუმცა ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი პრობლემა, რაშიც ვერაფერი ვერ გავიგე,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რაზეც ირმა ზავრადაშვილმა აღნიშნა, რომ „პეტ კატეზე“ მნიშვნელოვანია იმუნოჰოსტოლოგია, რომელიც სიმსივნის სახეობის დადგენას ახდენს. დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუმეორა მინისტრს ონკოპაციენტების დაფინანსების ცვლილების საკითხი, რაზეც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზადაა.
„შემოდგომაზე ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში 10 ათასამდე სკრინინგი ჩატარდა რეგიონებში და 220 პაციენტს დამატებითი კვლევები დასჭირდა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ შეიძლება სიმსივნე ჰქონოდათ. ამ ადამიანების ნახევარზე მეტს არ გააჩნდა საშუალება, რომ დიაგნოსტიკა ბოლომდე მიეყვანათ და რომ არა ინდივიდუალური ჩარევა, ისინი ისევ მესამე და მეოთხე სტადიით მივიდოდნენ ჯანდაცვის სამინისტროში დაფინანსებაზე და შემდეგ სახელმწიფოს 40-50%-ით ძვირი უჯდება მათი დაფინანსება ისევე, როგორც 25-ათასი ლარი ყველა სიმსივნისთვის არ არის საჭირო, ზოგიერთი სიმსივნისთვის კი მინიმალურია და უფრო მეტი სჭირდება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია და გრძელვადიან პერსპექტივაში ისე შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს ამ მიმართულებით, რომ წარმოუდგენლად კარგ შედეგებზე გავალთ,“ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
მინისტრის რეაგირება კი ასეთი იყო: „რაიმე ჯგუფი ხომ არ გავაკეთოთ, რომ თქვენც ჩაერთოთ ამაში?“
ირმა ზავრადაშვილმა ამაზე განაცხადაა, რომ იგეგმება თემატური მოკვლევების გაკეთება და ჯგუფის მუშაობაშიც აუცილებლად ჩაერთვება.
კიდევ ერთი სიახლე, რის შესახებაც აღნიშნულ მოსმენაზე მინისტრმა ისაუბრა, ონკოლოგიური მედიკამენტების შემოსატანად მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებებია. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ეს პროცესი დაწყებულია და მისი პროგნოზით, პირველ 6 თვეში ონკოლოგიური მედიკამენტებით ძირითადი ნაწილის მოცვა მოხერხდება, შემცირებული ფასების ხარჯზე კი სამინისტრო პაციენტებისთვის უფრო მეტი მედიკამენტის მიწოდებას შეძლებს.