საქართველოში განაშენიანების პროცესში ძალიან პოპულარულია კვიპაროსის გამოყენება, რომელიც მაღალი ალერგიულობით გამოირჩევა. ამიტომ უმჯობესია, ამ პროცესში ფართოფოთლოვანი მცენარეების კულტივირებას მივმართოთ, რათა ალერგიული რისკები შევამციროთ. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„კვიპაროსი არის ნომერ პირველი მცენარე, რომელიც ყველაზე მაღალი ალერგიულობით გამოირჩევა და რომლის მტვრის გადმოტყორცნა მარტსა და აპრილზე მოდის. ის უკვე გამოჩნდა დაბალი კონცენტრაციით. განაშენიანებაში კვიპაროსი პოპულარულია, სწარფად იზრდება და მისი კულტივაცია მარტივია. თუმცა ჯობია ფართოფოთლოვან კულტურაზე გავაკეთოთ აქცენტი ვიდრე ალერგიული პოტენციალი გავზარდოთ,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, ბოტანიკის ინსტუტუტთან ერთად ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის ცენტრი აქვეყნებს ალერგიული მცენარეების მტვრის კონცენტრაციის ყოველკვირეულ პროგნოზებს. მიმდინარე კვირის პროგნოზის თანახმად, ამ ეტაპზე თხილის და მურყანის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია დაბალ ნიშნულზე აღინიშნება.
ასევე უკვე დაწყებულია, თუმცა დაბალ ნიშნულზეა ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია.
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ალერგენების დაბალი კონცენტრაციის პირობებში, ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აქვს, ამიტომ სპეციალისტები აფრთხილებენ მოქალაქეებს კონცენტრაციის მოსალოდნელი გაზრდის შესახებ, რათა უკვე ახლა დაიწყონ პრევენციული ზომების მიღება, რისთვისაც შესაბამისი მედიკამენტები არსებობს.
რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი, ცემინება. ასევე თვალების ქავილი. თუმცა, ვირუსებისგან განსხვავებით, ალერგიას ტემპერატურა არ ახასიათებს და ამასთან, მისი მიმდინარეობა დიდხანს, თვეების განმავლობაში გრძელდება.