მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ვირუსების აგრესიულობა შემცირდა, სპეციალისტები გაზაფხულზე ინფექციების ახალ ტალღას ელოდებიან

ვირუსების აგრესიულობა შემცირდა, სპეციალისტები გაზაფხულზე ინფექციების ახალ ტალღას ელოდებიან

ამ ეტაპზე სეზონური რესპირაციული ვირუსების სიმპტომები შემსუბუქებულია. ამასთან, გაზრდილია კოვიდინფექციის შემთხვევები.

ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ოჯახის ექიმი ხათუნა ნუცუბიძემ განაცხადა.

„ახლა მშვიდ ვითარებაში ვართ და ვირუსული ინფექციების მკვეთრი აფეთქება, რაც ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში გვქონდა, არ არის. თუმცა მეტნაკლებად გამოიკვეთა კოვიდინფექციები. თუ წინა პერიოდში ტესტირების კატეგორიული მოთხოვნა არ იყო და კოვიდი თითქოს მიგვავიწყდა, ახალი წლების შემდეგ უფრო გავთამამდით, ხალხმა დაიწყო სტუმრად სიარული, სკოლებსა და ბაღებში არდადეგები დასრულდა. შესაამისად იფეთქა კოვდინფექციამ, რომელმაც საკმაოდ მოიქნია კუდი,“ – აღნიშნა ხათუნა ნუცუბიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სეზონური ინფექციების ისეთი აგრესიული გამოვლინება, რომელიც ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში იყო – ინტოქსიკაცია, მაღალი სიცხეები, დეჰიდრატაცია – შემცირდა. თერაპევტი ამბობს, რომ სავარაუდოდ ძირითადად ისევ ჰონგკონგის ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ ის შესუსტებულია.

„თუ ადრე 7-8 დღე გრძელდებოდა მაღალი სიცხე, ახლა ეს პერიოდი 3-5დღემდე შემცირდა, სიმპტომების გამოვლინება არაა მძაფრი და სტანდარტული ვირუსული ინფექციის ფარგლებში ჩაჯდა. ასეთივე მეტნაკლები მშვიდი სახე მიიღო კოვიდმაც, რომელიც შეიძლება ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობდეს. უფრო მოდის ყელის ძლიერი ტკივილი, ხმის შეცვლა, რესპირატორული სიმპტომები, თუმცა ტემპერატურის გარეშე. ამიტომ გეგმიური ტესტირება აუცილებელია და ძალიან ვთხოვ მოსახლეობას, როგორც კი წამოვა ტემპერატურა, გაიტესტონ, რომ ვიცოდეთ როგორ ვმართოთ დაავადება და ინფიცირებისგან დავიცვათ ახლობლები,“ – განაცხადა ხათუნა ნუცუბიძემ.

ამასთან, მისი თქმით, გაზაფხულზე სეზონური ვირუსების მორიგი აფეთქებაა მოსალოდნელი და კარგი იქნება, თუ მოსახლეობა კორონავირუსისგან თავს დაიცავს, რათა ამ პერიოდს კოვიდის შემთხვევების მკვეთრი ზრდაც არ დაემთხვეს.

„ოჯახის ექიმები, რომელთა მხრებზეც გადაიარა კოვიდის აფეთქებამ, შიშის თვალით ვუყურებთ გაზაფხულს და იმედს ვიტოვებთ, რომ გაზაფხულზე, როცა ისედაც წამოვა ინფექციების დიდი ტალღა და განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ამას არ დაემატება კოვიდის აფეთქება. ეს არაფერში არ გვჭირდება. ამიტომ მოვერიდოთ ინფიცირებულებს, რომ არ მოხდეს ისეთი აფეთქდება, როგორიც წინა წლებში იყო,“ – აღნიშნა ნუცუბიძემ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …