საქართველოში მოსახლეობის 14%-ს 65 წლის და 65 წელს ზემოთ პირები წარმოადგენენ. 2050 წლისთვის ეს ასაკობრივი ჯგუფი მოსახლეობის 25% იქნება. ამის შესახებ სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების სტრატეგიაშია აღნიშნული, რომელიც 2023-2027 წლებს მოიცავს.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ დაბერების პროცესი აუცილებლად ასოცირდება ფუნქციონირების პრობლემების ზრდასთან, მათ შორის, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან, სხვადასხვა დაავადების რაოდენობის ზრდასა და ჯანმრთელობის გაუარესებასთან.
„ხანდაზმულთათვის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ხელს უწყობს ხანდაზმულებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საგანმანათლებლო სამუშაოებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გარშემომყოფთა ცხოვრებაში,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
აქამდე, რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსება ქვეყანაში მიმდინარეობდა რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში.
გარდა აღნიშნულისა, სარეაბილიტაციო სერვისების დაფინანსება ხდება სოციალური რეაბილიტაციისა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 2021 წელს 15.1 მლნ. ლარს შეადგენდა. რეგიონული ბიუჯეტებიდან სარეაბილიტაციო სერვისებზე დაიხარჯა 4.8 მლნ. ლარი.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო მომსახურება სრულყოფილად არ არის ინტეგრირებული საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, იგი ძირითადად ხელმისაწვდომია მხოლოდ სოციალური პროგრამების ბენეფიციარებისთვის, შშმ პირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კონტინგენტისთვის რეაბილიტაციის სერვისი სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება.
დოკუმენტის თანახმად, იმ სამედიცინო დაწესებულებების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც უზრუნველყოფენ სარეაბილიტაციო მომსახურებას მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, 2025 წლისთვის 10% უნდა იყოს, 2027 წლისთვის კი 50%. 2027 წლისთვის ჯანმრთელობის პროგრამების ბიუჯეტის 2% სარეაბილიტაციო მომსახურებაზე უნდა მოდიოდეს. დღეისათვის ეს წილი 0,1%-ს შეადგენს.