თურქეთში ბავშვებში ვაქცინაციის შემცირებამ, რაც პანდემიის პერიოდში ანტივაქსერული განწყობების გაძლიერებასა და არალეგალური მიგრაციის პრობლემებს უკავშირდება, წითელათი ინფიცირების შემთხვევები უკვე გამოიწვია. ინფორმაციას cnnturk.com ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წითელას შემთხვევები ბევრი წელია არ დაფიქსირებულა. თურქეთის პედიატრიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში წითელათი ინფიცირებული ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს. დაავადებული უცხოელია და მას სრულად არ ჰქონია ჩატარებული წითელას სრული ვაქცინაცია. სპეციალისტების თქმით, თუ წითელას საწინააღმდეგო აცრები ქვეყანაში 95%-ზე ნაკლები იქნება, შესაძლოა ამ დაავადების ეპიდემია კიდევ ერთხელ დაიწყოს.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც დაავადებისგან 99%-ით იცავს, თურქეთში 1960-იან წლებში დაიწყო, თუმცა მასზე უარს ამბობენ ის ოჯახები, რომლებიც პანდემიის შემდეგ გაძლიერებული ანტივაქსერული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცნენ.
ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოცვა 98%-ს აღწევს, თუმცა ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი მცირდება, რაც წითელას აფეთქების საფრთხეს ქმნის.
კოვიდპანდემიის გამო გეგმიური ვაქცინაციის შემცირებაზე საუბრობენ საქართველოშიც, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევები
ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ინფექციურ კლინიკებშიც. თუმცა, როგორც ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე აცხადებს, თუკი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გააქტიურდება და პანდემიის პერიოდში ჩავარდნილ აცრებს მშობლები შვილებს არ გაუკეთებენ, არსებობს საფრთხე, რომ წითელას შემთხვევები მომავალში გამოვლინდეს.
საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები 1968 წლიდან დაიწყო, 2004 წლიდან კი იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში დაინერგა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა.
საქართველოში წითელას ბოლო დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 ათასზე მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დაავადების გავრცელება ყველაზე მაღალი 1 წლამდე ასაკის ბავშვებშია, ეს ასაკი ყველაზე უფრო მოწყვლადია წითელას გართულებების თვალსაზრისით. 1 წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე დაუცველნი არიან წითელას მიმართ. მათი დაცვა წითელასგან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში მაღალი იქნება ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, რაც შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას.