ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კადრების დეფიციტია, მათ აქვთ დაბალი ხელფასი, სტაციონარში 90 ადამიანზე 2-3 სანიტარია და როცა დაავადებული აღგზნებულია, მთელი განყოფილება ყურადღების გარეშეა დარჩენილი.
ამის შესახებ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ეკა ჭყონიამ „რადიო დრანდას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში ამ სფეროს რეფორმირება დაწყებულია და მის ფარგლებში შეიქმნა მობილური ჯგუფები, რათა ადამიანი სტაციონარში მუდმივად არ იწვეს. ჭყონიას განცხადებით, ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 33 ასეთი ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც პაციენტებს სერვისს ბინაზე უწევენ.
ჭყონიას თქმით, რეფორმამდე, რომელიც 2013 წელს დაიწყო, მიიჩნეოდა, რომ ადამიანს პრაქტიკულად საავადმყოფოში უნდა ეცხოვრა, რეფორმის მიზანი კი იყო, რომ სტაციონარში ადამიანი მხოლოდ მწვავე პერიოდში უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი ბინაზე გაწერილიყო.
ეკა ჭყონიას თქმით, ბოლო პერიოდში ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების სერვისს ხშირად მიმართავენ ახალგაზრდები, რაც პოზიტიური მოვლენაა, რადგან მათ აქვთ ბევრი ინფორმაცია და დამოუკიდებლად აცნობიერებს, რომ პრობლემის წინაშე დგანან.
ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში არაა არა მხოლოდ ფსიქოსოციალური თერაპია, არამედ მედიკამენტებიც კი არ არის ისეთი ხარისხის, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია.
ეკა ჭყონიას თქმით, ისევე როგორც არაერთ სხვა სფეროში, ფსიქიატრიაშიც სერიოზული პრობლემაა კადრების გადინება, რადგან ეს პროფესია ქვეყანაში ბევრად ნაკლებანაზღაურებადია, ვიდრე დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.
ეკა ჭყონიას თქმით, 2019 წლის ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად, ბოლო წლის განმავლობაში მოსახლეობის 6%-მა დეპრესია განიცადა, შფოთვითი მდგომარეობა კი 12%-ს აღენიშნებოდა, რაც მაღალი მაჩვენებელია.