გახშირდა შემთხვევები, როდესაც პროტეინების დიდი რაოდენობით მიღების გამო ახალგაზრდებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, კერძოდ, დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციები. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია პროტეინების მიღება სპეციალისტის რჩევით, თუმცა სასურველია, მან ამ დანამატზე საერთოდ უარი თქვას. ამასთან, ბუწაშვილის თქმით, ახალგაზრდებში პროტეინების გადაჭარბებული დოზებით მიღება გარკვეულწილად ფიტნესკლუბების მარკეტინგული კამპანიის შედეგია და შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
„მათ შორის, ვინც სპორტულ დარბაზებში დადის, არაერთხელ შემხვდნენ პაციენტები, რომლებსაც ღვიძლის ფუნქციები დარღვეული აქვთ. ვეძებ მიზეზს და რომ ჩავუღრმავდები, აღმოჩნდება, რომ ერთმანეთის გამომრიცხავ პროტეინებს და დანამატებს იღებენ. ზოგჯერ თვითნებურად, ზოგჯერ არასპეციალისტები ურჩევენ, ცოტა მარკეტინგული ამბავიც არის და აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. მშობლებმა უნდა გამოიჩინონ ინტერესი, რას სვამენ მათი შვილები. ყველა ზრუნავს კუნთების განვითარებაზე, ეს ძალიან მოდური და ტრენდულია. ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ გაურკვეველი პრეპარატების ამ რაოდენობით მიღება ძალიან მძიმე შედეგებს გვაძლევს უკვე და მოგვცემს მომავალში,“ – განაცხადა ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში აღნიშნულ დანამატებს ადამიანები მხოლოდ კვალიფიციური კონსულტაციის საფუძველზე, შეზღუდული დოზებით იღებენ. საქართველოში კი არის შემთხვევები, როდესაც პროტეინების მოხმარება დასაშვებ ნორმას 4-5-ჯერ აჭარბებს.
„ჩვენთანაც არიან ნუტრიციოლოგები და ბოლოს და ბოლოს მათთან კონსულტაციების გავლაა შეიძლება, რადგან პროტეინებზე ორგანიზმს თავისი დღეღამური მოთხოვნილება აქვს და ვარჯიშის დროს ეს მეტია, მაგრამ არიან პაციენტები, რომლებიც დასაშვებზე 4-5-ჯერ მაღალ დოზას იღებენ. ამას ჯობია საერთოდ არაფერი არ მიიღონ. გადამწყვეტია ნორმალური და ჯანსაღი კვება. თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება და იღებს რძის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს, ის ასე თუ ისე იღებს საჭირო რაოდენობას,“ – აცხადებს მაია ბუწაშვილი.
პროტეინი არის სპეციალური საკვები დანამატი, რომელსაც ადამიანები კუნთების ზრდისა და ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღდგენის მიზნით იღებენ. ამ პროდუქციის პოპულარიზაციას განსაკუთრებით ფიტნეს-კლუბები ეწევიან.