სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები დღეს სამუშაო პირობების გაუარესების გამო საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ინფორმაციას მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირი ავრცელებს.
გაერთიანების ცნობით, აქცია და ბრიფინგი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან გაიმართება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები, მათი პრობლემებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის ქმედებების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართავენ.
„ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას პროფკავშირთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, მის წევრ ექიმებსა და მძღოლებთან, დამსაქმებელი აუარესებს დასაქმებულთა შრომით პირობებს, კერძოდ:
• 2022 წლის დეკემბერში 10 წლის განმავლობაში პირველად, დასაქმებულებმა დეკემბრის თვის ხელფასის ერთჯერადი 100%-იანი დანამატის ნაცვლად, მიიღეს 70%-იანი დანამატი.
2023 წლის იანვრიდან გაუქმდა:
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევა და დეზინფექციის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია“, – ნათქვამია გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.