უახლესი მონაცემებით, რომლებიც 2021 წლის მაჩვენებელს ასახავს, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ კორონავირუსს, საქართველოში ადამიანების გარდაცვალების მთავარი სამი მიზეზია სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები, სიმსივნეები და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები.
მონაცემებს საქსტატი, ანგარიშში „საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული“ ავრცელებს.
მართალია, 2021 წელს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების შემდეგ გარდაცვალების ნომერ მეორე მიზეზი კორონავირუსი იყო, თუმცა ეს პანდემიით გამოწვეული დროებითი ფაქტორია, რომელმაც 2022 წლისთვის აქტუალობა დაკარგა.
სულ 2021 წელს ქვეყანაში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 11 286 კოვიდმა იმსხვერპლა. გარდაცვალების სხვა მიზეზები კი ასეთია:
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები – 22 158 გარდაცვლილი;
სიმსივნეები 7 641;
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 3 709;
ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი 2 013;
საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები 1 588;
ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით გამოწვეული ავადმყოფობები 1 268.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ადამიანების გარდაცვალების მიზეზებს შორის წამყვანი გახდა არაინფექციური დაავადებები, ისეთები როგორიცაა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი და კიბო.
ესაა დაავადებები, რომელთა ადრეულ დიაგნოსტიკას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ლეტალური გამოსავლის მაჩვენებელი.
ამასთან, დასახელებული დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ჰაერის დაბინძურება, არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა და სხვა.