ქართველ მშობლებს ნაკლებად უყვართ ბავშვის სუფთა ჰაერზე გაყვანა. თუმცა სწორედ სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობაა ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ნომერ პირველი რეკომენდაცია.
ამ შინაარსის განცხადება „იმედის კლინიკის” პედიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ეკა გეთიამ გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე მოცირკულირე ვირუსებით ავადობამ უკვე ციკლური ხასიათი მიიღო: ბავშვი გადალახავს ერთ ავადობას და უკვე მეორე ვირუსთან უწევს კონტაქტი. ამიტომ პედიატრის რეკომენდაციაა, მშობლები მუდმივად იმყოფებოდნენ კავშირზე ექიმთან, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები პნევმონიის და ზოგ შემთხვევაში მენინგიტის სახითაც კი.
ეკა გეთიას განცხადებით, განსაკუთრებული სიმძიმე გრიპის ვირუსს ახასიათებს, როდესაც პაციენტებს აქვთ მკვეთრი ინტოქსიკაცია, არიან სუსტად და ვერ იღებენ სითხეს, ცხელება კი შეუპოვარია.
მისი თქმით, ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს “ა” ტიპის ვირუსი. შესაძლოა, მშობლისთვის არ ჰქონდეს მნიშვნელობა, რომელი ვირუსი აქვს მის შვილს, თუმცა ექიმისთვის ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან გრიპს ახლავს გართულებები, და თუ დროულად მოხდება დიაგნოსტირება, დროულად დაიწყება ანტივირუსული პრეპარატების ჩართვაც. ეკა გეთია ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიცემის წინააღმდეგია მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმედღიანი ცხელების შემდეგ ზოგჯერ ამას მშობლები დაჟინებით ითხოვენ.
როგორ ავამაღლოთ ბავშვის იმუნური სისტემა ავადობიდან ავადობამდე? ამ კითხვაზე პასუხისას ეკა გეთია ამბობს, რომ ბავშვის სახლში დატოვება არაა გამოსავალი.
„საბავშვო ბაღსა და სკოლებში სიარული, სოციუმში ყოფნა ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელია. რაც არ უნდა სკაფანდრში ჩავსვათ და აკვარიუმი შევუქმნათ, ვირუსები სახლის პირობებშიცაა. ალბათ გსმენიათ: “არ გამიშვია სკოლაში, ბაღში, მაგრამ მაინც დაავადდა“. ამიტომ შევეცადოთ, წლის ყველა სეზონზე მოვახდინოთ ბავშვის იმუნიტეტის გაკაჟება და არავითარ შემთხვევაში ის, რომ სახლში დავისვათ და არ გავუშვათ რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ესაა სუფთა ჰაერი, რომელიც ნაკლებად უყვართ ქართველ მშობლებს და იმედია, არ მიწყენენ. ნაკლებად გადიან სუფთა ჰაერზე. დღის განმავლობაში 2 საათი სეირნობა ესაა მიღებული ორგანიზმისთვის. მინუს 10 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში თავისუფლად შეგიძლიათ გაიყვანოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვი, მათ შორის ჩვილი – 3,5 კილოგრამზე მეტი წონის. ცხადია, ჩაცმულები უნდა იყვნენ გარემო პირობების შესაბამისად. ასევე სახლის პირობებში – სახლი არ უნდა იყოს ძალიან ჩახურებული, უნდა განიავდეს. ასევე ხელების დაბანა, ოთახის ტემპერატურის დაცვა. ამას მხოლოდ კოვიდის გამო არ ვაკეთებდით. ესაა თხოვნა და მიმართვა მშობლებისადმი და არავითარი სწავლის შეწყვეტა,“ – განაცხადა პედიატრმა.