მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სასწრაფო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემა დაინერგება

სასწრაფო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემა დაინერგება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

მთავრობა განმარტავს, რომ შესწავლილი და გაანალიზებულია 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილება და მიზანშეწონილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. „პარამედიკოსი, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ეფექტურია ექიმთან შედარებით გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, რადგან მას აქვს – შესაბამისი ფიზიკური უნარები; მოქმედებს დროის მოკლე პერიოდში პროტოკოლებით, სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით და საჭიროებისას ახდენს დროულ ჰოსპიტალიზაციას; პარამედიკოსის მომზადების პროგრამა სრულად ორიენტირებულია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე, შესაბამისად, მას შეუძლია, ექიმზე სწრაფად ამოიცნოს გადაუდებელი მდგომარეობა და სწორად განსაზღვროს დახმარების აღმოჩენის გზები”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების გათვალისწინებით, პარამედიკოსის კომპეტენციას განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულის უფლებებს დაემატება შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, პარამედიკოსის პოზიციაზე საქმიანობის უფლება.

მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე.

„დღეის მდგომარეობით, ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას 317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა (საკურორტო სეზონის პერიოდში ხდება დამატებით რაოდენობის ზრდა) და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადების მეშვეობით. გამოძახებების საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3500-ს. მოსახლეობისათვის ზემოთ აღნიშნული მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად, ცენტრს ესაჭიროება მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების გადაჭრა, როგორიცაა პროფესიონალი კადრების გადინება, ქვეყნის მასშტაბით ცენტრში შექმნილი საკადრო დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში, პერსონალის მაღალი ასაკი და შესაბამისად გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო შესაბამისი ფიზიკური უნარების არარსებობა და ა.შ.

ამ რეალობის გათვალისწინებით, ეს პროექტი მოიაზრებს 3 000 პარამედიკოსის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ დღეის მდგომარეობით, საკადრო დეფიციტის რაოდენობა არის 3 000. ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას და ამ რაოდენობის კონტინგენტის გადამზადება მოიცავს მრავალწლიან პერიოდს. მხოლოდ საკადრო გადინება ცენტრს აქვს 2020 წელს – 108, 2021 წელს – 87, ხოლო 2022 წელს – 69, ამას ემატება არსებული ვაკანსიების შევსება. თითოეული პირის მომზადების ხარჯი შეადგენს 1 600 ლარს. გადამზადების ხარჯი იქნება 160 000-176 000 ლარი ყოველწლიურად. სამიზნე რაოდენობის მიღებამდე ყოველწლიური ხარჯი იქნება ზემოთ აღნიშნული ოდენობა. მომზადებისთვის საჭირო დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პარამედიკოსი ჯანდაცვის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალია, რომელიც სასწრაფო დახმარების ადგილზე მიდის.

პარამედიკოსებს სჭირდებათ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.

პარამედიკოსების ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელით მოქმედებს. მაგალითად, ისრაელში ესენი არიან სპეციალისტები, რომლებიც სპეციალიზებულები არიან გადაუდებელ სიტუაციებში მუშაობაზე. ისინი მუშაობენ ექსტრემალურ სამედიცინო სისტემასა და სამხედრო მედიცინაში.

საველე პირობებში პარამედიკოსი ცვლის ექიმს და აქვს სხვა მედიკოსებთან შედარებით უფრო მაღალი კვალიფიკაცია საგანგებო სიტუაციაში დახმარების აღმოჩენაში გულის შეტევისას, ფილტვების შეშუპებისას, ალერგიული რეაქციებისას, ტრავმების დროს და ა.შ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტენსიური თერაპიის პარამედიკოსები ახორციელებენ მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებას, რად დამატებით გადამზადებას საჭიროებს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …