მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გრიპის შემთხვევაში ოჯახის ექიმები ბინაზეც ივლიან – თამარ გაბუნიას განმარტება

გრიპის შემთხვევაში ოჯახის ექიმები ბინაზეც ივლიან – თამარ გაბუნიას განმარტება

კოვიდპანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, ოჯახის ექიმები მზად არიან, პაციენტები ბინაზე მართონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პირველ არხთან ინტერვიუში, სეზონური ვირუსებისა და გრიპის გავრცელების მხრივ არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ოჯახის ექიმები მზად არიან, რომ პაციენტები ნახონ და შეაფასონ მათი მდგომარეობა ბინაზეც. განსხვავებით კოვიდისგან, როცა ბინაზე სიარულის შესაძლებლობა მათ შეზღუდული ჰქონდათ, გრიპის შემთხვევაში პაციენტებს ბინაზეც მოინახულებენ. ჰოსპიტალიზაცია იშვიათ შემთხვევაში იქნება საჭირო. საწოლფონდი საკმარისია, რომ პაციენტს, რომელსაც ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ინფექციური კლინიკის ინფექციონისტის მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით კი, კლინიკა მიღება-გაწერის რეჟიმში მუშაობს და თავისუფალ ადგილს პაციენტის გაწერისთანავე ახალი პაციენტი იკავებს. თუმცა, მისივე თქმით, კლინიკაში დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი 2-3 დღეა. პირველ არხთან საუბარში ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ კლინიკას აქვს გრიპის სამკურნალო მედიკამენტის „ტერაფლუს“ საკმარისი მარაგი.

ზალდასტანიშვილი იმ სიმპტომებს ჩამოთვლის, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. ესენია შეუპოვარი ცხელება, სითხის მიღების შეუძლებლობა, ხშირი ღებინება, ძილიანობა. სხვა შემთხვევაში კი, მხოლოდ ტემპერატურის გამო, ინფექციონისტის განცხადებით, სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო არ არის, მითუმეტეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები ისედაც გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …