საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას 2023-2030 განიხილავს.
დოკუმენტის შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით.
„ურბანიზაციის პროცესის გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება, დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება მჯდომარე ქცევას და ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არაადეკვატური რაოდენობა და ფართობი ქალაქებში მზარდ მოსახლეობასთან მიმართებით, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული პრობლემები, და მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა, ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისა და უმოქმედობის დონის შესამცირებლად. შეხვედრების მიზანია საბოლოო დოკუმენტის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვისათვის,”- ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.
ყოველწლიურად, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, წილობრივად, არაგადამდები დაავადებები უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე გადამდები.
საქართველში სიკვდილიანობის 94% სწორედ არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეულია.
სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ეს მაჩვენებლები მაღალია. აღემატება მეზობელი ქვეყნების მაგ. სომხეთის, თურქეთსა და უკრაინის მონაცემებს. ორჯერ მაღალია ევროკავშირის სახელმწიფოებთან შედარებით.
გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი – მხოლოდ ეს ოთხი არაგადამდები დაავადება, ყოველწლიურად ყველაზე მეტ ადამიანს იწირავს. აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ, საქართველოში, ყოველწლიურად 3 მილიარდი ლარი იხარჯება.
3 მილიარდი ლარი არის სახელმწიფოს პროგრამებით, სადაზღვევო კომპანიების და მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი თანხა.
აღსანიშნავია, რომ არადაგამდებ დაავადებათა გამომწვევ ერთერთ მთავარ მიზეზად დაბალი ფიზიკური აქტივობა სახელდება.
ჯანმოს მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 82,4% არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით (კაცები – 72.2%, ქალები – 91.8%). მაშინ, როდესაც ევროკავშირში პასიურობა 46%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი დონე ბულგარეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში შეინიშნება, სადაც უარყოფითი მაჩვენებელი 68%-ს აღწევს.