მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მარილის ჭარბი მოხმარება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა – რა რისკებზეა საუბარი არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტში

მარილის ჭარბი მოხმარება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა – რა რისკებზეა საუბარი არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტში

ქვეყანას ახლო მომავალში არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტი ექნება. დოკუმენტის საბოლოო ვერსია უკვე ცნობილია. არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის მომზადება შესაძლებელი გახდა საერთაშორისო პარტნიორების – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში COVID19 პანდემიაზე წარმატებით რეაგირებასა და ძლიერი და უფრო გამძლე ჯანდაცვის სისტემის შექმნას.

დოკუმენტის თანახმად, ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აქვს.

არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთის აღწერის გარდა, დოკუმენტში განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით.

„ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის“, – აცხადებენ სტრატეგიის ინიციატორები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არაგადამდები დაავადებები, მათ შორის გულის დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ქმნის ყველაზე დიდ ტვირთს როგორც ავადობის, ასევე გარდაცვალების გამომწვევ მიზეზების შორის. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს ამ არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული დანაკარგი და პირდაპირი დანახარჯი შეფასებულია 3 მილიარდ ლარამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები, რაც საშუალებას მოგვცემს თავთან ავიცილოთ არაგადამდები დაავადებები სამომავლოდ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათი რისკის ფაქტორებით არის გამოწვეული.

ეს არის ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი, აგრეთვე არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არააქტიურობა, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მავნე მოხმარება, მარილისა და შაქრის ჭარბი მოხმარებაც, რომლებიც ადამიანში იწვევენ იმ რისკებს, რომელიც შემდეგ ხდება არაგადამდები დაავადებები მიზეზი.

კვლევის ფარგლებში მოხდა გაანგარიშება თუ რა ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ ეს რისკფაქტორები შემცირდეს, რომელიც ადამიანების სიკვდილს იწვევს. მსგავსი კვლევები გახდება იმ გეგმის საფუძველი, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს. ასევე არის საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეწყოს და წახალისებულ იქნას ჯანსაღი ცხოვრების წესი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლებით, მარილის მოხმარების დასაშვები საშუალო ნორმა 5 გრამია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 8 გრამს აჭარბებს. მარილი წნევის მატების რისკფაქტორად ითვლება, ხოლო მაღალი წნევა გულის იშემიური დაავადებების, გულის კუნთის ინფარქტის და ინსულტის გამომწვევი ფაქტორია, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია.

ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლის კახა ღვინიანიძის განცხადებით, თანამედროვე ჯანდაცვის კონცეფცია ხარჯის ცნებიდან გადავიდა ინვესტიციის ცნებაზე. ანუ  მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯს სჯობს ინვესტიციის ჩადება დაავადების პრევენციაში.

„ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობის განვითარებაში ჩადებული 1 ლარი იძლევა მინიმუმ 1,5 ლარს მოგების სახით,“- აღნიშნავს ღვინიანიძე.

როგორც ღვინიანიძე ამბობს, აღმოჩნდა, რომ ერთერთი ყველაზე ხართჯეფექტური მიმართულება მარილის მოხმარების შემცირებაა, რომელიც თითქმის 2 ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება მარილის მავნებლობის შესახებ.

კახა ღვინიანიძე ყურადღებას ამახვილებს ცხოვრების უძრავი წესის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების საფრთხეებზეც.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …