2025 წლის 1 ივლისიდან ქვეყანა სრულად გადავა უანგარო დონორობის პრინციპზე, შესაბამისად, სისხლის დონორობა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში, საქართველოშიც ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს დაეფუძნება.
აღნიშნულს „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მიიღო.
კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები ასევე შედის მოქმედ 12 კანონსა და კოდექსში.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს მიზნად და პარლამენტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო. თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონპროექტის მიღებით მოსახლეობისთვის უსაფრთხო სისხლსა და სისხლის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის სტაბილური გარანტიები შეიქმნება. მნიშვნელოვან სიახლეს სრულ უანგარო დონაციაზე გადასვლა წარმოადგენს. ამ პროცესის წარმართვისა და კანონპროექტის სრულად ამოქმედებისთვის 2.5 წელია განსაზღვრული.
მომხსენებლის განცხადებით, მოქმედი კანონი 1995 წელს არის მიღებული და ბევრ ნაწილში თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება და, შესაბამისად, დღის წესრიგში სრულიად ახალი კანონპროექტის შემუშავება დადგა.
„ახალი კანონპროექტი ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში უყრის თავს ყველა პრინციპს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობა ამ სფეროში შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან, რომლებთან ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს. ასევე უზრუნველვყოთ საქართველოს მოსახლეობის საჭიროებები უსაფრთხო სისხლთან მიმართებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კანონპროექტი, რომელიც 7 თავისა და 46 მუხლისგან შედგება, არეგულირებს სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და სხვა შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი, მათ შორის, კეთდება ჰემოზედამხედველობაზე, რომელმაც სისხლის პროდუქტებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების და გვერდითი რეაქციების აღრიცხვა-მონიტორინგი და ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, რეფორმა კომპლექსურია და ეტაპობრივად განხორციელდება, 2025 წლის 1 ივლისიდან კი ქვეყანა სრულად გადავა უანგარო დონორობის პრინციპზე, შესაბამისად, სისხლის დონორობა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში, საქართველოშიც ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს დაეფუძნება.
კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად არის ევროკავშირის სათანადო დირექტივების შესაბამისად მომზადებული და წარმოდგენილი. იგი სისხლის და მისი კომპონენტების, დონორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულიად ახლებურ ხედვას გვიჩვენებს. უნდა გითხრათ, რომ ამერიკაში სისტემა თითქმის 100%-ით არის ამ პრინციპით აგებული, ევროპაში 95%-ზე მეტით და, რა თქმა უნდა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად აუცილებლად გადავიდეს უანგარო დონაციაზე“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.