ძუძუს კიბოს მკურნალობის და დიაგნოსტიკის თვალსაზრისით საქართველო წამყვანი ქვეყნების დონეზეა, თუმცა სკრინინგი პასიურად მიმდინარეობს, რაც არის იმის ერთერთი მიზეზი, რომ საქართველოში კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენადობის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. ამის შესახებ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ონკოლოგებმა, მიხეილ ჯანჯალიამ განაცხადა.
„ერთადერთი, რაშიც მოვიკოჭლებთ, ესაა სკრინინგში ჩართული პაციენტების რაოდენობა და პროცენტი საერთო პოპულაციასთან მიმართებით. ამას ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს: სკრინინგი მეორე ათეული წელია საქართველოში მიმდინარეობს, მაგრამ ეს არაა საკმარისი ასაკი. ამას სჭირდება ათწლეულების გამოცდილება და მისი ინტეგრირება ცხოვრებასა და სკრინინგის პროგრამაში. უნდა იყოს აქტიური და არა პასიური სკრინინგი, რაც დღესაა,“ – აღნიშნა მიხეილ ჯანჯალიამ.
მისივე თქმით, გარკვეული ოჯახური ანამნეზის მქონე ქალებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება 35 წლამდე და უფრო ადრეულ ასაკშიცაა რეკომენდებული. ონკოლოგი ამბობს, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება სულ უფრო ხშირი გახდა 40 წლამე ასაკის ქალებში.
კითხვაზე, რატომაა საქართველოში სკრინინგის მაჩვენებელი დაბალი, მიხეილ ჯანჯალია ამბობს, რომ არსებობს ექიმის და დაავადების მიმართ შიში, ნაკლები ინფორმირებულობა, ინტელექტის პრობლემები და ა.შ. თუმცა რაც დრო გადის, ეს მიზეზები მცირდება.
„ეს მიზეზები არ გაქრება და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, არ მივალ ექიმთან და ღმერთი გადაწყვეტს გადავრჩები თუ არაო. თუმცა ასეთი ადამიანების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდება. სკრინინგი დღეს ჩვენთვის ნამდვილად არის გადარჩენა, თუმცა არის ქვეყნები, სადაც იმის გამო, რომ ძალიან მაღალ დონეზეა ინფორმირებულობა და არსებობს ინტელექტი, რომელიც განაპირობებს ინდივიდუალურ მიმართვიანობას ექიმებთან, სკრინინგმა აზრიც კი დაკარგა. ჩვენთან ეს შორი პერსპექტივაა, ამიტომ სკრინინგი რაც შეიძლება აქტიური უნდა იყოს,“ – განაცხადა მედიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგს სახელმწიფო 40 წელს გადაცილებულ ქალებს 2 წელიწადში ერთხელ სთავაზობს, უფასო მამოგრაფიის გარდა, ტარდება ექოსკოპიაც და მამოლოგის კონსულტაციაც.