თბილისი (BPI) – „საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების“ წარმომადგენელი დალი ტრაპაიძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება და ჯანდაცვის ამ სეგმენტის განვითარებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მე გეტყვით ჩემი კუთხით, – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვა მთელ მსოფლიოში არის პრიორიტეტი, რადგან ნომერ პირველი „მკვლელია“ როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა პოპულაციაში ავადობის და სიკვდილიანობის მხრივ.
ამ დაავადებათა მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ გამოვლენას, რაც განაპირობებს დაავადების პროგნოზს. ზოგჯერ არის ასიმპტომური ფორმები, ანუ პაციენტს არ აქვს დაავადება გამოვლენილი. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველადი ჯანდაცვის აქტივობას.
პირველად რგოლში უნდა გამოვლინდეს ისეთი პაციენტები, რომლებიც დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არიან, შემდგომში კი უფრო სიღრმისეული კვლევებით უნდა დაისვას დაავადების დიაგნოზი. პირველადი პრევენცია არის, როდესაც დაავადება არ არის, მაგრამ არსებობს რისკ-ფაქტორები და უნდა იბრძოლო, რომ ადამიანი არ დაავადდეს. ამიტომ, მსგავსი პაციენტების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა“, – აცხადებს ტრაპაიძე.
მისი თქმით, ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა გამოვლენის მხრივ, განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლი. „გარდა ჯანდაცვის ეფექტისა, დაავადების პრევენცია არის მიდგომა, რომელიც ყველაზე ხარჯთეფექტურია. მაგალითად, როდესაც მომატებული არტერიული წნევა წარმატებულად იქნება მართული და დროულად გამოვლენილი, ეს ნიშნავს, რომ პაციენტი თავიდან აიცილებს სისხლძარღვოვან კატასტროფებს, ეს იქნება მიოკარდიუმის ინფარქტი თუ თავის ტვინის ინსულტი.
წარმოიდგინეთ, ოჯახისთვის და თავად პაციენტისთვის რამხელა ფინანსური და მორალური დატვირთვის მატარებელია ეს დაავადებები, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფო ფინანსების დაზოგვაზე. ამიტომ, დაავადებათა დროული გამოვლენა და პროგნოზი ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა მართვას“, – მიიჩნევს დალი ტრაპაიძე.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად პრიორიტეტად გამოაცხადა.
რეფორმაზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსთან“ ერთად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან როგორც სამინისტროს, ასევე პირველადი რგოლის წარმომადგენელი მედიცინის მუშაკები.