მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ორგანოების ქართველი დონორი: მაქვს 11 ორგანოს გაცემის უფლება, რასაც 7 ადამიანის გადარჩენა შეუძლია

ორგანოების ქართველი დონორი: მაქვს 11 ორგანოს გაცემის უფლება, რასაც 7 ადამიანის გადარჩენა შეუძლია

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც დონორთა ბარათები აქვთ  ანუ დაფიქსირებული აქვთ შესაბამის გარემოებაში საკუთარი ორგანოების სხვა ადამიანებისთვის გადანერგვის სურვილი.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ  ახლო  ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან “დონორთა გაცვლის პროგრამაში” მონაწილეობის შემთხვევაში. 2015 წლიდან დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვ. ამ შემთხვევაში ნებართვას გადანერგვის წარმოებაზე იძლევა სასამართლო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში – ჯანდაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება გვამურ დონორობას, ის გულისხმობს ადამიანის თანხმობას, მისი გარდაცვალების შემთხვევაში ორგანოები სხვა ადამიანს დაუთმოს.

საქართველოს ერთერთი მოქალაქე, რომელსაც სწორედ ასეთი განცხადება აქვს შევსებული და გარდაცვალების შემდეგ (საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადამიანის სიკვდილი დადასტურდა, ანუ მოხდა ტვინის ფუნქციის სრული და შეუქცევადი შეწყვეტა, თუმცა გულისცემა შენარჩუნებულია, რადგან სუნქთვის პროცესი ხელოვნურად, აპარატის დახმარებით ხორციელდება) საკუთარი ორგანოების სხვა ადამიანებისთვის გადანერგვის სურვილი აქვს დაფიქსირებული, იკო იაკობიძეა.

Jandacva.ge-სთან საუბარში ის ყვება, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისი გარემოებების შემთხვევაში, საკუთარი ორგანო სხვა ადამიანს დაუთმოს.

იკო იაკობიძე: ერთი ჩვეულებრივი დილა იყო, სახლში ვიყავი და რაღაცას ვსაქმიანობდი, პარალელურად ბებიას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული, სადაც ერთ-ერთი გადაცემა  გადიოდა, რომელიც გვამურ დონაციას და ორგანოების ტრანსპლანტაციას ეხებოდა. პირველად სწორედ ასე შევიტყვე ორგანოებით დონორობის შესახებ. გონებაში ჩამრჩა და სურვილიც მალევე გამიჩნდა, მეც გავმხდარიყავი დონორი.

დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ჩემდა გასაკვირად ბევრი ინფორმაცია აღმოვაჩინე, ასევე აღმოვაჩინე ფილმებიც, რომლებიც ამ თემატიკას ეხმაურებოდა. ცხადია, იყო  უამრავი კითხვა, იყო შიშიც.

იყო ეჭვებიც: “იქნებ სპეციალურად მომკლან და შემდეგ ჩემი ორგანოები გაყიდონ?” და ბევრი მსგავსი კითხვა.

ასევე ვფიქრობდი რელიგიურ ფაქტორზეც

თუმცა, საბედნიეროდ მალევე მივიღე სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს ტრანსპლანტაციის ცენტრს დავუკავშირდი, სადაც ყველა კითხვაზე გასაგები, ჩამოყალიბებული და არგუმენტირებული პასუხი მივიღე და ჩემმა გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა.

განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ მივიღე 11 ორგანოს გაცემის (გადანერგვის) უფლება, რითიც 7 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

გულწრფელად რომ გითხრათ, გულის გაცემის საკითხზე ცოტა ვიორჭოფე, მაგრამ ყველა გრაფაზე დადებითი პასუხი გავეცი და  ყველა ორგანოს სრულად გაცემაზე დავთანხმდი.

ეს ამბავი დაახლოებით 2-3 წლის წინ ჩემს დაბადების დღეზე მოხდა, ალბათ სიმბოლურიცაა, თუმცა იმ მომენტში ამას ვერ ან არ ვაანალიზებდი.

სამწუხაროა რომ ამ თემაზე საზოგადოების და ეკლესიის აზრიც ორად იყოფა, რაც ჩემთვის გაუგებარია. არ მესმის რა საჭიროა სხეული ტყუილ-უბრალოდ გაიხრწნას მიწაში, თუკი შესაძლებელია ვიღაცის სიცოცხლე ვიხსნათ?!

„იქ” ჩვენი სულია მთავარი და არა რომელიმე კიდური, ან ორგანო. მით უმეტეს რა ქნან ადამიანებმა, რომელთაც სხვადასხვა კიდურების თუ ორგანოების ამპუტაცია დასჭირდათ სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე?! მოკლედ ამ საკითხზე საზოგადოებაში ძალიან დაბალი ცნობიერებაა, ბევრიც ეჭვის თვალით უყურებს ამ საკითხს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და ფართოდ დაინერგება ჩვენს საზოგადოებაშიც. ასევე, არის ერთი ფაქტორი, სანამ დონაციას განახორციელებენ, საჭიროა ოჯახის წევრებისგან თანხმობაც.

არ მესმის, რა საჭიროა, როდესაც მე თვითონ განვაცხადე თანხმობა ჩემივე სიცოცხლეში. მოკლედ, ამ კუთხით ჯერ კიდევ უმრავი რამაა დასახვეწი და დასალაგებელი, რაც დიდი იმედი მაქვს, მალე მოგვარდება.

ოჯახის წევრების რეაქციას რაც შეეხება, დიდად არ აღფრთოვანებულან ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ დონაციის დროს ორი ისეთი უახლოესი ადამიანი მივუთითე, რომელიც დარწმუნებული ვარ, შეასრულებს ამ სურვილს

დონორად გახდომის შემდეგ ცოტა უცნაური აზრები, შეგრძნებები მქონდა…  რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ ჩემი სხეული მე აღარ მეკუთვნის და ვიღაც სხვა ადამიანისაა  ამის გამო იმასაც კი ვცდილობდი, რომ ზედმეტად ჯანსაღი ცხოვრების წესითაც კი მეცხოვრა, მაგრამ მალევე გავაანალიზე რეალობა და ის, რომ მე ისევ მე ვიყავი  და მსგავსი აზრებიც გამიქრა…

მინდა, რომ გვამური დონაციის შესახებ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს და ფართოდ დაინერგოს ჩვენს პრაქტიკაშიც და ასევე, დღეს არსებული პროცედურები ბევრად მარტივი გახდეს იმიტომ, რომ გარშემომყოფებსაც გავუმარტივო ამ გადაწყვეტილების მიღება, და იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ არის ფართოდ დანერგილი და გავრცელებული. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ანდერძის სახითაც მოვითხოვო ჩემი ამ სურვილის გათვალისწინება-შესრულება

თუ გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ აჩუქოთ სიცოცხლე სხვა მომაკვდავ

ადამიანს ან დაუბრუნოთ მხედველობა უსინათლოს, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ

“ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში” როგორც ონლაინ

რეჟიმში, ისე ტელეფონის საშუალებით (ტელ. N 277-18-19) ან პირადად მოსვლით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში

(თბილისი, წინანდლის ქ.9, მეტრო “300 არაგველთან”, ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული, ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზა)

როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში დონორობის სურვილი გადამოწმდება ტელეფონით გასაუბრებით და ერთ კვირაში მსურველს მიეცემა “ორგანოს დონორის ბარათი”.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …