სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსება სავალდებულო ხდება.
ამას ითვალისწინებს „ტექნიკური რეგლამენტი სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე,“ რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.
რეგლამენტი სტაჟირების გავლის შემთხვევაშიც ვრცელდება. ვალდებულება 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საფრთხის მანიშნებელი ნიშნები. როგორც შრომისი ინსპექციაში აცხადებენ, ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია. ახალი რეგლამენტის თანახმად სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს:
✓ ამკრძალავი ნიშნები – საფრთხის გამომწვევი მოქმედების აკრძალვისთვის
✓ გამაფრთხილებელი ნიშნები – დასაქმებულთა და მესამე პირთათვის საშიშროების ან საფრთხის მისათითებლად
✓ სავალდებულო ნიშნები – დასაქმებულთა და მესამე პირთა მიერ კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად
✓ საინფორმაციო ნიშნები – დამატებითი ან განსხვავებული ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ აბრა, ფირნიში, გეომეტრიული ფორმის, ფერისა და სიმბოლოს ან პიქტოგრამის კომბინაცია გამოიყენება – დასაქმებულის და მესამე პირისათვის კონკრეტული მაფრთხილებელი ან საფრთხისშემცველი ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ მანათობელი ნიშნები განთავსებული უნდა იყოს – დღე-ღამის ბნელ დროს ან გაუნათებელ ადგილებში კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ პერიოდულობით გამოსაყენებელი და კომბინირებული ნიშნები კი- დროის გარკვეულ პერიოდში დასაქმებულის ან მესამე პირისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად
✓სამუშაო სივრცე ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან გამოსაყენებელი ნიშნებით.
ეს ნიშნები მიუთითებენ მაგალითად შემდეგ საფრთხეებზე: აალებადი მასალა ან მაღალი ტემპერატურა, ფეთქებადი მასალა, ტოქსიკური მასალა, დაკიდული ტვირთი, ზოგადი საფრთხე, დაბალი ტემპერატურა, აკრძალულია მოწევა და ღია ცეცხლი, დამცავი ხელთათმანების გამოყენება სავალდებულოა, ყურის დამცავი საშუალების გამოყენება სავალდებულოა და სხვა.