ავტომობილებში პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების, ე.წ. მინი-აფთიაქების ქონა სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს არაა ზედმეტი და ფორმალური მოთხოვნა, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ავტომობილის მგზავრებს ელემენტარული სამედიცინო დახმარება არცთუ იშვიათად სჭირდებათ.
მევლუდ მელაძის თქმით, ასევე სასურველია ცეცხლმაქრის ქონა და ის მძღოლებს ურჩევს, უსაფრთხოების ეს ორი ატრიბუტი ავტომობილში ყოველთვის ჰქონდეთ.
„მე პირადად მქონდა ორი შემთხვევა, როდესაც ცეცხლმაქრი გამოვიყენე. ორივე შემთხვევაში დახმარება სხვა ავტომობილებს დასჭირდა. ესაა კარგი საშუალება ნებისმიერი აალების შემთხვევაში. ამ მოწყობილობის ყიდვა თავისუფლად შეიძლება და მისი ღირებულება 25 ლარიდან იწყება, მოხმარება კი ძალიან მარტივია. რაც შეეხება მინი-აფთიაქს, ასევე მქონია შემთხვევები, როდესაც მისი გამოყენება დამჭირდა, მაგალითად, ჭრილობის შემთხვევაში სტერილური „მარლის“ გამოყენება მომიწია. შესაძლოა, ეს ავტოსაგზაო შემთხვევას არც უკავშირდებოდეს. ასეთი ნაკრების შეძენა ასევე უპრობლემოდაა შესაძლებელი აფთიაქებში ან ავტომობილის სერვის-ცენტრებში. ვფიქრობ, პირველ რიგში, მინი-აფთიაქის ქონა უნდა გახდეს სავალდებულო, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია, ცეცხლმაქრის ქონა კი ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა სასურველია, მძღოლებმა პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ეს მოწყობილობაც ჰქონდეთ, რადგან ავტომობილში ნებისმიერ დროს შესაძლოა, რაიმე ნაწილი აალდეს ან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭირო გახდეს ცეცხლმაქრის გამოყენება,“ – აღნიშნა მევლუდ მელაძემ.
მისი თქმით, ეს ნივთები მანქანაში დიდ ადგილს არ იკავებს, არის იაფი და მოსახმარად მარტივი.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ საგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია „მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.“ მიუხედავად იმისა, რომ საგზაო შემთხვევის მონაწილეს კანონი ავალდებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულს, ვალდებულების სახით სამედიცინო ნაკრების ქონა კანონში ჩაწერილი არ არის. გამონაკლისი მხოლოდ ექსკურსიებია, რომლის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით. პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთის შიგთავსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
პირველადი დახმარების ნაკრების ფასი ბაზარზე 15 ლარიდან იწყება და მისი მინიმალური სტანდარტული შემადგენლობა ასეთია: ერთჯერადი ხელთათმანებიი, ბინტი, სტერილური ჭრილობის კომპრესები, დამცავი წკირი, ლეიკოპლასტირული სახვევი, პირველადი დახმარების გადასაფარებელი, მაკრატელი, ელასტიური ბინტი, სტერილური პირველადი დახმარების სახვევი,პირველადი დახმარების ინსტრუქცია.
ცეცხლმაქრი და სააფთიაქო ყუთის ქონის ვალდებულება საქართველოში 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რეგულაცია ძალაში არ შესულა და 2025 წლამდე გადავადდა.
jandacva.ge