ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევს ტყვია და რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რათა შვილის ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე მიიტანონ ეჭვი? ასევე, როგორია ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის პრევენციული საშუალება?
ეს საკითხები კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ბავშვებს შორის პოპულარულ სათამაშოებში საშიში ნივთიერებების შემცველობის შესახებ, რომელთა შორის მხოლოდ ტყვია არაა.
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდა ბაზარზე განთავსებული 20 სათამაშოს ლაბორატორიული შემოწმება, საიდანაც 6 სათამაშოს შემთხვევაში დადგინდა, რომ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს. კერძოდ, 4 სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა სტანდარტებთან შეუსაბამობა ქიმიური შემადგენლობის თვალსაზრისით და სააგენტომ კომპანიებს დაავალათ საფრთხის შემცველი პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება.
2 სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა მცირე ნაწილების გამოყოფის რისკები, რამაც, ბავშვის მიერ მათი პირში ჩადების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს რესპირატორული გართულებები. შესაბამის კომპანიებს დაევალათ პროდუქტის ბაზრიდან ამოღება.
ტყვიის მაღალი შემადგენლობა დადგინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში (სერია MBK-326, მწარმოებელი MEI BO KAI), ბორის მაღალი შემადგენლობა დაფიქსირდა სათამაშო ტყლარწში, რომლის მწარმოებელიც ვერ დგინდება.
სპეციალისტების განმარტებით, ბორი არის კარცეროგენული და რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერება. სტანდარტის მოთხოვნებთან მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი კონტაქტის შემთხვევაში, იზრდება პათოლოგიების განვითარების რისკები.
მედიკოსების თქმით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა და ამის ერთერთი მიზეზი სწორედ სათამაშოებია. განსაკუთრებით იზრდება რისკები ცხელ ამინდში, რადგან მომწამვლელი ნივთიერებების გამოყოფა ინტენსიურად ხდება. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, მართალია, ტყვიით ინტოქსიკაციის სიმპტომები სხვა დაავადებებისთვისაცაა დამახასიათებელი, თუმცა ხანგრძლივად გრძელდება და მკურნალობასაც რთულად ექვემდებარება.
ერთერთი სერიოზული ზიანი, რაც შეიძლება ტყვიამ ბავშვს მიაყენოს, გონებრივი განვითარების შეფერხება და ქცევის პრობლემებია, რაც განსაკუთრებით სწავლის პერიოდში ვლინდება. ასევე ვლინდება ხასიათის ცვლილება და ძილის პრობლემები.
ივანე ჩხაიძე ამბობს იმასაც, რომ ტყვიით ინტოქსიკაციისთვის ასევე დამახასიათებელია მუცლისა და თავის ქრონიკული ტკივილი, შეკრულობა, ტყვია შეიძლება იყოს ანემიის მიზეზიც. ასევე მას უკავშირდება ისეთი სერიოზული გართულების რისკი, როგორიცაა ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა.
რაც შეეხება მავნე ნივთიერებებისგან ბავშვის დაცვას, ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, არ ვუყიდოთ ბავშვს იაფფასიანი, საეჭვო წარმომავლობის სათამაშოები, თამაშის შემდეგ ბავშვმა ხელები უნდა დაიბანოს, რადგან მტვერი შესაძლოა ტყვიის ზემოქმედების წყარო იყოს. ამასთან, პედიატრის თქმით, ბავშვის სათამაშოები ხშირად უნდა გაირეცხოს, სველი წესით დალაგდეს ოთახი, სადაც პატარა თამაშობს. ივანე ჩხაიძე ასევე ურჩევს მშობლებს, ბავშვს ჩამოართვან და არ უყიდონ ძველი სათამაშოები, რომელთა ზედაპირი გაკაწრულია ან სხვა სახის დაზიანება აქვს.
ცნობისთვის: საქართველოში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დონის განსაზღვრა და შემდგომი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება და მოქალაქეებისთვის ის უფასოა.