წლევანდელი ზაფხული ტკიპების გააქტიურებით გამოირჩევა. ინფორმაციას ალერგოლოგებზე დაყრდნობით „პალიტრანიუსი“ ავრცელებს.
სპეციალისტების თქმით, ლისის ტბაზე ტკიპების მიერ ადამიანთა დაკბენის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ტკიპას ნაკბენს შეუძლია გამოიწვიოს ბორელიოზი – ე.წ. ლაიმის დაავადება. ნაკბენს გამოხატული სიმპტომები აქვს. ესენია კანზე ბეჭდისებური წარმონაქმნის განვითარება, გარშემო წითელი ლაქით, ცენტრალური ნაწილი კი თეთრი შეფერილობისაა. ქავილის გარდა, ნაკბენს ტკივილიც ახასიათებს, არის გამაგრებული.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგის მაკა რუხაძის განმარტებით, ერთერთი პრობლემა ასეთ დროს ტკიპის მოცილებაა. რეკომენდებულია, რომ ნაკბენი ზეთიანი საფენით დაიფაროს.
„განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ტკიპის თავის ნაწილში მოთავსებულია სანერწყვე კონტეინერი და სწორედ ამ სანერწყვე ჯირკვლებშია დასახლებული მიკროორგანიზმები. თუ აღმოჩნდა, რომ თავის ნაწილი კანს ვერ მოვაცილეთ, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას,“ – აცხადებს მაკა რუხაძე.
ბორელიოზის გამომწვევი ტკიპის გარდა, ასევე არსებობს კიდევ ერთი, ფართოფოთლოვან ტყეებში გავრცელებული ტკიპები, რომლებიც მძიმე ალერგიულ რეაქციებს იწვევს, მათ შორის ანაფილაქსიურ რეაქციებს.
რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, მაკა რუხაძე მოსახლეობას ურჩევს, პიკნიკსა და აგარაკზე ყოფნისას ფრთხილად იყოს, განსაკუთრებით წყალსაცავების სიახლოვეს. მისი რეკომენდაციაა, ადამიანის სხეული დაფარული იყოს სამოსით. ასევე არსებობს საპროფილაქტიკო საშუალებები – რეპელენტები, რომლებიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, თუმცა ისინი გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ აღიარებულია სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ.
„პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, შესაბამისი სტრუქტურებიდან მათ ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, ხდება თუ არა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლა.