მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მოსწავლეების მშობლებს ონლაინ-სწავლების არჩევის შესაძლებლობა, სავარაუდოდ, აღარ ექნებათ

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ-სწავლების არჩევის შესაძლებლობა, სავარაუდოდ, აღარ ექნებათ

ექნებათ თუ არა სკოლის მოსწავლეების მშობლებს არჩევანის გაკეთების საშუალება ონლაინ და საკლასო ოთახებში სწავლების ფორმებს შორის, როგორც ეს გასული ორი წლის განმავლობაში იყო? ამ კითხვაზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ამ ეტაპზე არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში, კონსულტაციების შედეგად მიიღებენ და საზოგადოებას აცნობებენ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა რეკომენდაციებსაც საქართველო მიჰყვება, დამატებითი რეგულაციების შემოღების საჭიროებას და ასევე პირბადის ტარების ვალდებულების დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ამიტომ ისინი საბაზისო, ჰიგიენური ნორმების გარდა, სხვა ზომების შემოღების რეკომენდაციებს არ გასცემენ.

„ვფიქრობთ, რომ სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ თემებზე კონსულტაციები გრძელდება და დეტალები დაზუსტდება. როგორც მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, სხვა ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის მიმდინარეობა უმეტეს შემთხვევებში მსუბუქია, ჰოსპიტალიზაცია კი მინიმალურია, ამიტომაც თამარ გაბუნია ელოდება, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სასწავლო პროცესზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში კოვიდის შემთხვევების სტაბილიზაცია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო სეზონიდან გამომდინარე, მობილობა ძალიან მაღალია და აქტივობა უმაღლეს დონეზეა, შემთხვევების მატების სურათი ნამდვილად არ არის. პირიქით: ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით კლების ტენდენციაც კი შეინიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურათი არის სრულად კონტროლირებადი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის დაავადების კონტროლის ცენტრები ამსუბუქებენ რეგულაციებს. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება, დღეს არსებული პირობების ფარგლებში მოხდეს სასწავლო პროცესის დაწყება და ასევე სხვა ჩვეულებრივი ბიზნესაქტივობების გაგრძელება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში მუშაობდა სპეციალური პორტალი, რომელზეც, სურვილის შემთხვევაში მშობელს შეეძლო სწავლების ონლაინ-ფორმა აერჩია.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წელი 2022 წლის 15 სექტემბერს განახლდება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …