აგვისტო წელიწადის ყველაზე ცხელი და მძიმე თვეა, როცა დონორთა ნაკადი განსაკუთრებით იკლებს, თუმცა სისხლის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა უცვლელი რჩება. ამ შინაარსის განცხადებას სისხლის ცენტრი ავრცელებს და მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
დონორად გახდომა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც არის მინიმუმ 50კგ; კოვიდ-19 გადაიტანა მსუბუქ ფორმებში და გასულია მინიმუმ 2 კვირა; კოვიდ-ვაქცინაციიდან გასულია ერთი კვირა და ვაქცინის შემდეგ არ ყოფილა გვერდითი მოვლენები (ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სისუსტე); ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადებები და არ იღებს მედიკამენტებს მუდმივად; არ არის ინფიცირებული B, C ჰეპატიტით, აივ ინფექციით ან სხვა ვენერიული დაავადებებით; არ ჩაუტარებია ქირურგიული ოპერაცია ბოლო 6 თვის განმავლობაში; სტომატოლოგთან ვიზიტიდან გასულია 6 თვე; (კბილის ამოღება, დაბჟენა); არ გაუკეთებია ტატუ ან პირსინგი ბოლო 6 თვის განმავლობაში; არ გაუკეთებია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ბოლო 12 თვეში ან ტეტანუსის ვაქცინა – ბოლო 2 თვეში; არ მოიხმარს ვენურ ნარკოტიკულ საშუალებებს; არ აღენიშნება გაციების სიმპტომები, სმენის და მხედველობის პრობლემები, არ ჰქონია მენსტრუაცია ბოლო 5 დღის განმავლობაში, არაა მეძუძური დედა, და ლაქტაციის დასრულებიდან გასულია 6 თვე, ასევე სისხლის ჩაბარების მომენტში სისხლის ბოლო დონაციიდან გასული უნდა იყოს 60 დღე.
„სისხლის ცენტრი“ „ევექსის“ პროექტია. ამჟამად სისხლის ცენტრი დონორებს ემსახურება ხუთ ლოკაციაზე: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალსა და კავკასიის მედიცინის ცენტრში.
სამომავლოდ იგეგმება სისხლის ასაღები 6 პუნქტის გახსნა საქართველოს დიდ ქალაქებში, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოამარაგებენ ჰოსპიტლებს და დაეხმარებიან პაციენტებს დროულად მიიღონ უსაფრთხო სისხლის კომპონენტები.
jandacva.ge