სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გააკეთა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ კი გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.