მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა მოიმატა – როგორია სიმპტომები და თავდაცვის საშუალებები

საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა მოიმატა – როგორია სიმპტომები და თავდაცვის საშუალებები

ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია. ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია გამონაყარი სისხლჩაქცევებით.

გადადების ყველაზე ხშირი გზაა ტკიპების ნაკბენი, ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტი. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ  სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს. საქართველოში დაავადების ძირითადი გავრცელების რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი. დიაგნოზი „პისიარ“ ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ძირითადად, მკურნალობა სტაციონარშია აუცილებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ.

„7 თვეში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გვაქვს 2 გარდაცვალება. ლეტალობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს. ყირიმ-კონგოს დაავადება საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა. ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა 1-10-15 შემთხვევა, წელს კი ყველაზე მეტი – 42 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.

2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულა ყირიმ-კონგოს 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება. ზოგადად, გარდაცვალების მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში 12.9 პროცენტი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ეს არის ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფიდან, რომელსაც მიეკუთვნება მარბურგის ცხელება, ებოლა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში, ლეტალობის პროცენტი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგო აფრიკის, აზიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და თურქეთშია გავრცელებული. ჩვენთან ენდემურად არის გავრცელებული. ძირითადი გავრცელების რეგიონებია – სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი. ყირიმ-კონგო ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან გადადის. დიაგნოზი ძირითადად „პისიარ“ ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ამას ჩვენ დღეს ვატარებთ ლუგარის კვლევით ცენტრში, შემდგომ კი სეროლოგიურად ვიკვლევთ. ძირითადად, მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში.

ჩვენს ცენტრალურ ინფექციურ კლინიკას ყირიმ-კონგოს მკურნალობაში საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა, ან ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არის. ძირითადად გამოიყენება ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც არის „რიბავერინი“. ძირითადი აქცენტი მაინც პრევენციაზეა“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, იმ ენდემურ ზონებში, სადაც ყირიმ-კონგოა გავრცელებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით.

„მნიშვნელოვანია, პაციენტებმა დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა იმის საწინდარია, რომ დაავადება არ გართულდეს და მძიმე გამოსავალი არ მივიღოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ვეტერინარული დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე შიდა ქართლში, სადაც ენდემური კერები გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება, ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები მუშაობენ მესაქონლეებთან, თუ რა უნდა გააკეთონ პირველივე სიმპტომის შემთხვევაში“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაავადების გამომწვევია ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი. დაავადება იწყება შემცივნებით, მაღალი ცხელებით (39–400 C), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით, რასაც მოსდევს ვირუსემია და ინტოქსიკაცია. ავადმყოფს აწუხებს პირის სიმშრალე, თავბრუ, ღებინება. სახე, კისერი, ლორწოვანი გარსები შეწითლებული აქვს, ზოგჯერ გამოხატულია სიყვითლე. კანზე ჩნდება პეტექიური გამონაყარი (წითელი ლაქები), სისხლჩაქცევები, აგრეთვე შასაძლებელია განვითარდეს სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან). სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, ნეიტროფილების მარცხნივ გადახრა, მომატებული ედს-ი, გამოხატულია თრომბოციტოპენია.

 

დაავადების ინკუბაციური პერიოდი  ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში   არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი  13–14 დღეა.

ადამიანი უფრო ხშირად ინფიცირდება ტრანსმისიულად (ტკიპების კბენით, ტკიპის გასრესვით), ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ  სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს.

იქსოიდური ტკიპები ვირუსის რეზერვუარებიც არიან და გადამტანებიც, განსაკუთრებით  სახეობა ჰიალომა (Hyalomma,), რომელიც საქართველოშიც არის გავრცელებული.  მრავალრიცხოვანი გარეული და შინაური ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია.

ცხოველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება აბორტეით.

დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი, სავარაუდოდ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: რისკის ჯგუფში შედიან სოფლის მეურნეობის მაუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მოგზაურები (ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში), განსაკუთრებით, მედიცინის სფეროს მუშაკები. შემთხვევები ხშირდება ივნის-სექტემბერში და უკავშირდება გადამტანის აქტივობას გარემოში (ტკიპი Hyalomma).

კონტროლის ღონისძიებებში შედის:          სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას, ტკიპების საწინააღმდეგოდ, პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები). ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავება აკარაციდებით;

·         კანის რეპელენტების გამოყენება (დიეთილტოლუამიდის – N, N-Dietyl-meta-toluamide – შემცველი); ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში:  ხელის ჰიგიენა, პირადი    დამცავის აღჭურვილობა, უსაფრთხო ინექციის პრაქტიკა;

ცხოველების დამუშავება აკარიციდებით ხოლო მათი სადგომების ინსექტიციდებით (ადრე გაზაფხულსა და ზაფხულში); ავადმყოფი ცხოველის იზოლაცია და მკურნალობა/ზრუნვა; დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენება;

ტკიპი ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ, პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები;

ვაქცინაცია ტარდება ეპიდჩვენების მიხედვით, თუმცა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ადამიანთა ფართო ვაქცინაციისათვის, ჯერ–ჯერობით შექმნილი არ არის.

პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა. გასათვალისწინებელია კონტაქტირებულ ადამიანებზე კონტროლი მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში. დიაგნოზის დასმაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს. დიაგნოზის დაზუსტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …