კოვიდპანდემიამ ქვეყანასი სკრინინგის პროგრამებში ჩართული ადამიანების რაოდენობა შეამცირა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგით გამოკვლეულ ბენეფიციართა რაოდენობამ 40591 შეადგინა. წინა წელს ეს მონაცემი 44 737 იყო, კოვიდამდელ, 2019-ში კი 52 240-ს.
ამასთან, გაზრდილია კიბოს გამოვლენის სტატისტიკა: 2021 წელს კიბოს დიაგნოზი 9 702 ადამიანს დაუსვეს, 2020-ში ეს მაჩვენებელი 9 372 იყო. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქვეყანაში კიბოს დიაგნოზს 10-დან 11 ათას ადამიანს უსვამდნენ.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ისევე როგორც დაზღვევის მიმართულებით, სკრინინგის კუთხითაც მოსახლეობაში სათანადო კულტურა არ არსებობს. მას მოჰყავს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როდესაც სადაზღვევო კომპანიები ადამიანებს სიმსივნეზე არ აზღვევენ, თუკი მათ სკრინინგი არ ექნებათ ჩატარებული.
პრობლემაა ისიც, რომ კიბოს მკურნალობის დაფინანსება ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამების დონეზე საკმარისი არ არის. კერძო სადაზღვევო პაკეტებში კი ძირითადად მხოლოდ ქირურგიული მკურნალობაა გათვალისწინებული.
სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, აქტიურად ჩაიტარონ სკრინინგის პროგრამები, რათა პაციენტს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაესვას და შესაბამისად, მკურნალობაც უფრო ეფექტიანი იყოს.