15 წლამდე ასაკში აბორტის გაკეთების ბოლო ფაქტი საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული, ჯანდაცვის სფეროს მონაცემების თანახმად, 2017 წელს ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა და დღემდე ამ ასაკობრივ კატეგორიაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ფაქტი აღარ გამოვლენილა.
ზოგადად, ქვეყანაში აბორტების რაოდენობა მცირდება, თუმცა, პარალელურად მომატებულია აბორტების მაჩვენებელი 15-დან 20 წლამდე ასაკის გოგონებში – თუ 2020 წელს ეს მაჩვენებელი 372 იყო, 2021 წელს 444 შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოვიდამდე წლებში, 2020 წლამდე ეს მონაცემი სტაბილურად იკლებდა.
ჯამში, 2021 წელს საქართველოში 17800 აბორტი გაკეთდა, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 19 ათასი იყო. საქართველოში აბორტების რაოდენობა ბოლო წლებში სტაბილურად მცირდება. შედარებისთვის: 10 წლის წინ, 2011 წელს საქართველოში აბორტის ხელოვნური გზით შეწყვეტის გადაწყვეტილება 30600 ქალმა მიიღო.