კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების -He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან), ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2).
საქართველოში აღნიშნული პროდუქციის – თეფშები -Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ – სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“. სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს,“-ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა.