საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით პირველმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი დავით ჩხაიძე პირველია, ვინც საქართველოში, აღნიშნული პროგრამით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის, სახელმწიფომ, 70 000 ლარი გამოყო.
დავით ჩხაიძე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
პაციენტს ოპერაცია მარტის ბოლოს გაუკეთდა და ის ახლა თავს კარგად გრძნობს.
ამჟამად, გეგმურ რეაბილიტაციას ბინაზე აგრძელებს და საჭირო კვლევებსა თუ
მედიკამენტებს უფასოდ იღებს.
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც, თანამონაწილეობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს. პროგრამა, ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.