მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირბადეების ტარებამ ალერგიული დაავადებების სიხშირე შეამცირა

პირბადეების ტარებამ ალერგიული დაავადებების სიხშირე შეამცირა

პანდემიის პერიოდში პირბადეების ტარებამ, ინფექციების გარდა, ალერგიული დაავადებების სიხშირეც შეამცირა. ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ნინო მჭედლიშვილმა განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ პირბადე ფილტრავს მცენარის მტვრის მიერ გამოყოფილ ნაწილაკებს.

„ბევრი აგრესიით უყურებდა პირბადის ტარების ვალდებულებას, ამბობდა, რომ ვერ სუნთქავს, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ამის გამო გაუადვილდა სეზონი, რადგან პირბადე ფილტრავს ნაწილაკებს, რომელსაც მცენარის მტვერი გამოყოფს,“- განაცხადა მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, ალერგია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და ამის რისკფაქტორებად მიიჩნევა გლობალური დათბობა, ასევე ხშირი საკეისრო კვეთები, თამბაქოს მოხმარება, ანტიბიოტიკების ხშირი მიღება.

რაც შეეხება მიმდინარე რისკებს, იმუნოლოგის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე საშიში მწერია ფუტკარი,  რომლის შხამსაც სწრაფი ანაფილაქსიური რეაქციის გამოწვევა შეუძლია, რის შედეგადაც შესაძლოა,  სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები განვითარდეს.

ექიმის რჩევაა, იმ ადამიანებს, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ფუტკრის ნაკბენზე ანაფილაქსიური რეაქცია, ბუნებაში ყოფნისას თან ჰქონდეთ მედიკამენტები. ამასთან, მედიკოსის განცხადებით, არსებობს შესაბამისი თერაპია, რომელიც ალერგიის ამ სახეობისგან განკურნების შესაძლებლობას იძლევა. მისივე ინფორმაციით, არსებობს მარტივი ალერგოდიაგნოსტიკა კანის სინჯებისა და სისხლის ანალიზის სახით.

მთავარი რეკომენდაცია კი ცხოვრების ჯანსაღი წესი, ნაკლებ გამონაბოლქვიან გარემოში ყოფნა და ნაკლები ანტიბიოტიკის მოხმარებაა. ასევე, მედიკოსის თქმით, ალერგიული ადამიანები ზაფხულის სეზონზე უნდა მოერიდონ ავტომობილით მგზავრობას ღია ფანჯრებით, ხშირად მიიღონ შხაპი და დაიცვან პირადი ჰიგიენა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …