საქართველოში, ევროპის მოსახლეობასთან შედარებით, ადამიანებს ინსულტი 3-4-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ. გარდა ამისა, საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 2-3-ჯერ მაღალია ინსულტგადატანილი ადამიანების ინვალიდიზაცია.
ამის შესახებ ნევროლოგმა, ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაზა ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 3 ათასი ადამიანი იქნა გამოკვლეული და აღმოჩნდა, რომ იშემიური ინსულტის სიხშირე მათ შორის 7,8 პროცენტი იყო, ჰემორაგიულის კი – 0,8%. ცნობისთვის: იშემიური ინსულტი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის შედეგად ვითარდება, რასაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება. ჰემორაგიული ინსულტი კი ვითარდება მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რომლის დროსაც სისხლძარღვი სკდება, ხდება ტვინის ქსოვილების ერთმანეთისაგან დაშორება, წარმოქმნილ სივრცეებში კი ჩაედინება სისხლი და ჰემატომა წარმოიქმნება.
ზაზა ქაცარავა საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებს სავალალოს უწოდებს და საუბრობს ამის როგორც მიზეზებზე, ისე – პრობლემის გადაჭრის გზებზე.
მისი თქმით, არათუ ევროპასთან, თურქეთთან შედარებითაც კი ორივე სახის ინსულტის სიხშირე საქართველოში მაღალია.
ასეთი მდგომარეობის მიზეზებზე საუბრისას ქაცარავა აღნიშნავს ადამიანების ცხოვრების წესის მნიშვნელობას – ესაა ჭარბი ალკოჰოლისა და სიგარეტის ხშირი მოხმარება, იშვიათი ფიზიკური დატვირთვა და რეგულარული სპორტის დეფიციტი. ამასთან, მისი განმარტებით, რისკებს ზრდის ის, რომ გულის მოციმციმე არითმიის დროს არ ტარდება სწორი მკურნალობა, რაც სისხლის აგრესიულ გათხელებას უნდა გულისხმობდეს.
„არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ის, როგორც ჩვენ საკუთარ ჯანმრთელობას ვუვლით, ცივილიზებული მოსახლეობის ქცევა არ არის. ასე მაგალითად, არტერიულ წნევას სჭირდება მუდმივი მკურნალობა – როდესაც ადამიანს ეს დიაგნოზი დაუდგინდება, წამალი უნდა მიიღოს ყოველდღე. საქართველოში კი ხშირად პირიქით ხდება – როცა წნევა შეაწუხებს და განივითარდება თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი, მხოლოდ მაშინ სვამს პაციენტი წნევის დამწევს. ესაა პრინციპულად არასწორი მიდგომა, რაც ხშირად თავის ტვინში სისხლჩაქცევას განაპირობებს,“ – აცხადებს მედიკოსი.
გარდა ინსულტის სიხშირის დადგენისა, საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რამდენად ხშირია ინვალიდიზაცია ინსულტგადატანილ ადამიანებში. აღმოჩნდა, რომ საქართველოში იმ პაციენტების 60%-ს, ვინც ინსულტი გადაიტანა, საკმაოდ მძიმე შეზღუდული შესაძლებლობები განუვითარდა. ეს მაჩვენებელი კი 2-3-ჯე აღემატება ევროპულ სტატისტიკას. ნევროლოგის თქმით, ეს ადამიანები ყოველდღიურად სხვების დახმარებაზე არიან დამოკიდებული – დამოუკიდებლად უჭირთ ადგომა, დაბანა… ზაზა ქაცარავა ამბობს, რომ სწორედ ამის გამო ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ინსულტმა მათ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ.
ზაზა ქაცარავა იმ მიზეზებზეც საუბრობს, რაც საქართველოში ინსულტგადატანილი პაციენტების ინვალიდიზაციის მაღალ დონეს იწვევს. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ეფექტიანი მკურნალობა არ მიმდინარეობს.მართალია, რამდენიმე ცენტრში დანერგილია თრომბოლიზი და თრომბექტომია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება მასზე ხელი. როგორც ზაზა ქაცარავა განმარტავს, ინსულტის პირველივე საათებში მნიშვნელოვანია კვალიფიციური სამედიცინოდ დახმარების აღმოჩენა და ეს სისტემა შესაქმნელია. სასწრაფო დახმარების სამსახურს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომელი საავადმყოფოა მზად ასეთი პაციენტის მისაღებად.
„ახლა, თუ ინსულტი მაგალითად თერჯოლაში დაგემართება, მოხვდები ადგილობრივ საავადმყოფოში, თუ მარტვილში დაგემართება – მარტვილის რომელიმე თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ეს მკურნალობა არ ტარდება. ამიტომ ადამიანი ინვალიდდება. ეს სისტემა სასწრაფოდაა შესაქმნელი – ყველა რეგიონულ ცენტრში უნდა შეიქმნას ინსულტის ერთეული, სადაც გაკეთდება სისტემური თრომბოლიზი, რთული შემთხვევები კი თრომბექტომიის მიზნით მაღალი დონის ცენტრებში უნდა გადაიყვანონ,“ – აცხადებს ზაზა ქაცარავა.
სწორედ ასეთი სისტემის არარასებობაა, მისი თქმით, ინვალიდიზაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი.
ცნობისთვის: თრომბექტომია ნიშნავს ტვინიდან სისხლის კოლტის მთლიანად ამოღებას, რის შედეგადაც პაციენტებში შესაძლებლობების შეზღუდვის გარეშე ცხოვრების გაგრძელების ალბათობა მკვეთრად იზრდება. თრომბოლიზი კი არის სისხლძარღვებში წარმოქმნილი სისხლის შედედების დაშლა მედიკამენტების გამოყენებით
ზაზა ქაცარავა მოუწოდებს თანამემამულეებს, გაავრცელონ ინფორმაცია ინსულტის საფრთხეების შესახებ და ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, არ დაუშვან შეცდომა, რაც სავალალოდ დასრულდება და გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს.
მისი თქმით, ინსულტების რაოდენობის შემცირებისთვის აუცილებელია მოსახლეობის განათლება და სწორი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნაა, რათა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ყველა რეგიონში ამუშავდეს.